გიორგი კალანდარიშვილმა და ლევან იოსელიანმა შეხვედრა გამართეს
გიორგი კალანდარიშვილმა და ლევან იოსელიანმა შეხვედრა გამართეს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს შეხვდა.

შეხვედრაზე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საარჩევნო უფლების რეალიზების, ამ მიმართულებით ცესკო-ს მიერ განხორციელებული საქმიანობებისა და სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულების საკითხებზე იმსჯელეს.

დღეს გამართულ შეხვედრაზე ცესკო-ს თავმჯდომარემ ისაუბრა ცესკო-ში არსებული სამუშაო ჯგუფების საქმიანობის შესახებ. გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენლები აქტიურად არიან ჩართული როგორც შშმ პირთა, ისე ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე მომუშავე ჯგუფების საქმიანობაში. გიორგი კალანდარიშვილმა ომბუდსმენს ის სიახლეებიც გააცნო, რომლებიც საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვას უკავშირდება.

„ძალიან საინტერესო შეხვედრა გაიმართა სახალხო დამცველთან. ჩვენ ვისაუბრეთ სახალხო დამცველის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულებაზე, ასევე მივაწოდე მას ინფორმაცია ყველა იმ მნიშვნელოვანი აქტივობის შესახებ, რომლებიც უკავშირდება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების რეალიზაციასა და ცესკო-ს მხრიდან სათანადო სერვისების შეთავაზებას. ასევე ვისაუბრეთ სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე“, – აღნიშნა გიორგი კალანდარიშვილმა.

ლევან იოსელიანის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ შეზღუდული შესაძლებლობების პირების ნების გამოვლენა საარჩევნო უბანზე იყოს გარანტირებული და მათ ეს შეძლონ ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე.

„ჩვენთვის, ადამიანის უფლებათა პერსპექტივის თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეზღუდული შესაძლებლობების პირების ნების გამოვლენა საარჩევნო უბანზე იყოს გარანტირებული და მათ ეს შეძლონ ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე. მნიშვნელოვანია, გარემო იყოს ადაპტირებული, სადაც ისინი არჩევნებში სრულფასოვან მონაწილეობას შეძლებენ. ეს არის ძირითად საკითხი, რომელზეც ჩვენ გვაქვს გადაკვეთა ცესკო-სთან და ეს საკითხი განვიხილეთ“, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ლევან იოსელიანმა.

ცესკო-ს თავმჯდომარისა და ომბუდსმენის შეხვედრა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გაიმართა.

ინფორმაციას ცესკო-ს პრესსამსახური ავრცელებს.