გიორგი კალანდარიშვილი - ყველა წინაპირობა არსებობდა და მოლოდინი მქონდა, რომ ცესკო-ს თავმჯდომარის კანდიდატად კვლავ ვიქნებოდი წარდგენილი, როგორც პრეზიდენტის ეტაპზე, ისე შემდგომ
ყველა წინაპირობა არსებობდა და მოლოდინი მქონდა, რომ ცესკო-ს თავმჯდომარის კანდიდატად კვლავ ვიქნებოდი წარდგენილი, როგორც პრეზიდენტის ეტაპზე, ისე შემდგომ, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან საუბრისას ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა.
კალანდარიშვილმა კომენტარი გააკეთა საქართველოს პრეზიდენტის მიერ ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად თამარ ალფაიძისა და რევაზ ეგაძის კანდიდატურების წარდგენასთან დაკავშირებით.
„გულწრფელად მინდა, გითხრათ, რომ აბსოლუტურად მოულოდნელი გადაწყვეტილება იყო პირადად ჩემთვის. შესაბამისად, ნამდვილად გაკვირვებული ვარ ამ გადაწყვეტილებით, თუმცა, რა თქმა უნდა, წარდგენილ კანდიდატებს მინდა, წარმატება ვუსურვო; თუმცა, აქვე ვადასტურებ იმას, რომ მას არ ექნება არც ერთ შემთხვევაში ხელისშემშლელი გარემოება ჩემს უფლებამოსილების განხორციელებაში, პირიქით, უფრო მეტსაც ვიტყვი, რომ მთელი ძალისხმევით დარჩენილ პერიოდში გავაკეთებ მაქსიმუმს იმისთვის, რომ ჩვენ კიდევ ერთხელ საზოგადოებას დავანახოთ ის პროგრესი და საარჩევნო ადმინისტრაციის ის შესაძლებლობები, რომელიც მას მისი განვითარების კიდევ უფრო ახალ ეტაპზე გადაიყვანს და დაახლოებს მის საქმიანობას საერთაშორისო სტანდარტებს. შესაბამისად, რა თქმა უნდა, მოხარული ვიქნებოდი, რომ ეს შესაძლებლობა კვლავ მე მომცემოდა, თუმცა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, წინ არაერთი ეტაპი არის ამ საკონკურსო კომისიის და ბუნებრივია შემდგომ ეტაპებზე კიდევ უფრო ნათელი იქნება ზოგადად კონკურსის საბოლოო რეზულტატები“, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში.
ამასთან, შეკითხვაზე, მისი მოსაზრებით, რა იყო პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი, კალანდარიშვილმა აღნიშნა, რომ ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.
„წარმოდგენა არ მაქვს. იქიდან გამომდინარე, რომ ეს გადაწყვეტილება სულ რამდენიმე წუთია, რაც ცნობილი გახდა და ასევე, მეც გავეცანი პრეზიდენტის ვებგვერდზე ატვირთულ ინფორმაციას, იმის თაობაზე არ არის რაიმე კომენტარი, თუ რას დაეყრდნო ქალბატონი პრეზიდენტი ამ გადაწყვეტილების მიღებისას. მაშინ, როდესაც პირველ და მეორე კონკურსის პირობებში ჩემზე იყო ეს არჩევანი გაკეთებული და მიუხედავად ამ პირველი და მეორე წარდგენებისა, ყველა წინაპირობა არსებობდა იმისთვის და მოლოდინიც შესაბამისი მქონდა, რომ კვლავ ჩემი კანდიდატურა იქნებოდა წარდგენილი, როგორც პრეზიდენტის ეტაპზე, ისე შემდგომ ეტაპზე, სადაც, ასევე, მოლოდინი მქონდა ჩემი კანდიდატურის ამ კონკურსში წარმატებით გადალახვაში. აქედან გამომდინარე, ეს პრეზიდენტსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას უნდა ვკითხოთ მათი პოზიცია და იმ გარემოებებზე, თუ რაზე დაყრდნობით მიიღეს მათ ეს გადაწყვეტილება“, – აცხადებს გიორგი კალანდარიშვილი.