გიორგი კალანდარიშვილი - ვისთვის რეფერენდუმი და ვისთვის არჩევნები, მაგრამ საარჩევნო ადმინისტრაციისთვის ეს არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
გიორგი კალანდარიშვილი - ვისთვის რეფერენდუმი და ვისთვის არჩევნები, მაგრამ საარჩევნო ადმინისტრაციისთვის ეს არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები

ვისთვის რეფერენდუმი და ვისთვის არჩევნები, მაგრამ საარჩევნო ადმინისტრაციისთვის, რა თქმა უნდა, ეს არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, – ასე უპასუხა აქვს თუ არა ადგილი ცესკო-ს მხრიდან განსაკუთრებულ მზადებას, რადგან 2 ოქტომბრის არჩევნები ვერ იქნება ჩვეულებრივი ადგილობრივი არჩევნები, ვინაიდან ოპოზიციის დიდი ნაწილი მას რეფერენდუმად აღიქვამს.

გიორგი გვიმრაძის შეკითხვაზე, რა შეიცვალა ადმინისტრირების კუთხით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან დღემდე, ცესკო-ს თავმჯდომარემ განაცხადა, რომ შეიცვალა ძალიან ბევრი რამ, რაც ერთი მხრივ, განპირობებულია საარჩევნო კოდექსით და რეფორმით, რომელსაც საზოგადოება 19 აპრილის შეთანხმების შედეგად იცნობს.

„ამ საარჩევნო რეფორმამ გადააზღვია ძალიან ბევრი საკითხი, რომელმაც 2020 წელს კითხვის ნიშნები გააჩინა. მაგალითად, შემაჯამებელი ოქმები, გადათვლები, ვიდეო ფიქსაცია და რეფორმის არა ერთი შედეგი, რომლის იმპლემენტაციასაც დღეს საარჩევნო ადმინისტრაცია სხვადასხვა კომისიის დონეებზე ახორციელებს“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.

მისი თქმით, 2 ოქტომბრის არჩევნებზე, კენჭისყრის დღიდან ექვსი დღის განმავლობაში იქნება ხმების გადათვლის უპრეცედენტო შემთხვევა, როცა ქვეყნის მასშტაბით უბნების 10% გადაითვლება.

„ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, რომელიც ერთი მხრივ, უზრუნველყოფს იმას, რომ თუ სადმე რამე დარღვევა გამოვლინდა, ბუნებრივია, ამ გადათვლის შედეგად მოხდება ახალი შედეგების დადგენა და ეს გამოასწორებს საკითხს. მეორე მხრივ, ეს არის პრევენცია, რომ რომელიმე უბანზე არ განხორციელდეს რამე მანიპულაცია. უბნების 10%-ის გადათვლა არის ძალიან დიდი მაჩვენებელი, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციის ისტორიაში არასდროს არ მომხდარა. ეს არის სავალდებულო და ამას არ სჭირდება მომართვა. გადათვლას ესწრება დამკვირვებელი ორგანიზაციები, პოლიტიკური გაერთიანებების წარმომადგენლები და მედია. ოღონდ, ამ შემთხვევაში, საუბარია იმ პირთა წრეზე, რომელიც ხმების დათვლის და შემაჯამებელი ოქმების შედგენის დროს კონკრეტულად იმ საარჩევნო უბანზე იმყოფებოდა. ასევე, ჩვენ უზრუნველვყოფთ მთლიანი გადათვლის პროცესის ვიდეო ფიქსაციას, რაც განთავსებული იქნება საჯარო სივრცეში. Google პლატფორმასთან გვქონდა მოლაპარაკებები, როგორც ერთ-ერთ უსაფრთხო და სანდო საერთაშორისო პლატფორმასთან და იქ განთავსდება შესაბამისი ჩანაწერები, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება. უბნების ამოსვლა წილისყრით, ასე ვთქვათ, დოლურას პრინციპით მოხდება და შესაბამისად, წინასწარ არავინ იცის, რომელი უბანი ამოვა“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.

კალანდარიშვილმა ასევე განაცხადა, რომ თუ შემაჯამებელ ოქმებში რომელიმე მონაცემი გადასწორებული იქნება და მას დართული არ ექნება შესწორების ოქმი, ეს საოლქო საარჩევნო კომისიისთვის უპირობოდ წარმოადგენს ამ შემაჯამებელი ოქმის შესაბამისი შედეგების გადათვლის და ახალი შედეგების დადგენის საფუძველს. მისივე თქმით, მესამე მთავარი საკითხი არის ხმების დათვლის პროცედურები.

„3 664 უბნიდან 3 200 უბანზე მოხდება ხმების დათვლის პროცედურების ვიდეო ფიქსაცია და არ მოხდება მხოლოდ 464 უბანზე. ეს ის უბნებია, სადაც 300-ზე ნაკლები ამომრჩეველია, ძირითადად, მაღალმთიან და პატარა სოფლებში. ჩვენ უზრუნველვყოფთ ყველა ამ ვიდეო ჩანაწერის საჯარო სივრცეში განთავსებას. ეს არის Google-ის პლატფორმა“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.

როგორც ცესკო-ს თავმჯდომარემ აღნიშნა, ასევე განხორციელდა ოპოზიციის კვოტით დანიშნული მისი მოადგილის იდეა, რომლის თანახმადაც საარჩევნო კაბინების რემოდელირება გაკეთდა.

„ეს ნიშნავს იმას, რომ კაბინის წინა მხარე გარკვეულწილად, ჩაჭრილი იქნება, რაც იძლევა იმის საშუალებას, რომ კომისიამ და იქ მყოფმა უფლებამოსილმა პირებმა დაინახონ ადამიანის სილუეტი, რაც გამორიცხავს და პრევენციას მოახდენს იმისას, რომ ვინმემ იგივე ბიულეტენის ჩადების, გატანის და ახლის შემოტანის მანიპულაცია არ მოახდინოს. ამასთანავე, არ მოახდინონ მათ მიერ მიცემული და დაფიქსირებული ხმების ფოტო-ვიდეო გადაღება“, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

გიორგი გვიმრაძის შეკითხვაზე, არის თუ არა მზად ცესკო იმ გამოწვევისთვის, რომ შესაძლოა, ოპოზიციამ არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხი კვლავ ეჭვქვეშ დააყენოს, კალანდარიშვილმა განაცხადა, რომ რეფორმის შედეგად განხორციელებული ცვლილებები ამ კითხვის ნიშნებს გადააზღვევს.

დატოვე კომენტარი