გიორგი კალანდარიშვილი - სადამკვირვებლო ორგანიზაციების როლი მნიშვნელოვანია, მოხარული ვართ, რომ პანდემიის მიუხედავად, ეუთო/ოდირმა მისიის განხორციელება შეძლო
გიორგი კალანდარიშვილი - სადამკვირვებლო ორგანიზაციების როლი მნიშვნელოვანია, მოხარული ვართ, რომ პანდემიის მიუხედავად, ეუთო/ოდირმა მისიის განხორციელება შეძლო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი აცხადებს, რომ საარჩევნო პროცესში დამკვირვებლების ჩართულობა მნიშვნელოვანია.

მისივე თქმით, სურთ, რომ არჩევნებზე რაც შეიძლება მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებელი იყოს წარმოდგენილი.

„საარჩევნო ადმინისტრაციისთვის და ზოგადად, საარჩევნო გარემოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია პროცესში დამკვირვებლების ჩართულობა. სადამკვირვებლო ორგანიზაციების როლი არის მნიშვნელოვანი, რადგან ნებისმიერ ეტაპზე შესაძლოა, განსხვავებული, კრიტიკული თვალით მოხდეს გარკვეული საქმიანობის თუ პროცესის დანახვა, იყოს გარკვეული მიგნებები, რაც ამ პროცესის გაჯანსაღებასა და გაუმჯობესებაზე იქნება ორიენტირებული. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ პროცესები იქნება შეფასებული, ცხადია, დადებითად. ამიტომ გვინდა და ადმინისტრაციის სურვილია, რაც შეიძლება მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებელი იყოს წარმოდგენილი. იქიდან გამომდინარე, რომ გვაქვს ახალი საარჩევნო კანონმდებლობა, ყველა დონეზე გაზრდილია საარჩევნო კომისიის შემადგენლობები, მნიშვნელოვანია, გამჭირვალობის მაღალი სტანდარტი და ამ პირთა ჩართულობის თვალსაზრისით, ხელმისაწვდომობა იქნას უზრუნველყოფილი“, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ამბობს, მისასალმებელია, რომ პანდემიის მიუხედავად, ეუთო/ოდირმა შეძლო, თავისი მისია განეხორციელებინა.

„მივესალმებით და მოხარული ვართ, რომ პანდემიის მიუხედავად, ეუთო/ოდირმა შეძლო, თავისი მისია განეხორციელებინა. ისინი იქნებიან 30 გრძელვადიანი და 350 მოკლევადიანი დამკვირვებლით წარმოდგენილი. არჩევნების შეფასებისთვის ასევე სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებიც არიან დარეგისტრირებული. ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების რეგისტრაციები. დიდი იმედი მაქვს, პროცესებში ჩართულობა და მიგნებები მაქსიმალურად უზრუნველყოფილი იქნება“, – აღნიშნა გიორგი კალანდარიშვილმა.

კალანდარიშვილის თქმით, არჩევნებში ჩართულობის მიზნით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სხვადასხვა ქვეყნიდან საარჩევნო კომისიები მოიწვია.

„ამასთან, კარგი პრაქტიკა არსებობს, რომ სხვადასხვა ქვეყნის საარჩევნო კომისიები ერთმანეთს საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების მიზნით ვიწვევთ. ამ შემთხვევაში, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სხვადასხვა ქვეყნიდან საარჩევნო კომისიები მოიწვია. დღევანდელ სხდომაზე, მაგალითად, ასეთი 7-8 ორგანიზაცია დავარეგისტრირეთ, რომლებმაც უკვე გამოთქვეს მზაობა არჩევნებში ჩართულობისთვის. ვადა ჯერ არის და მომართვიანობის პროცესი ღიაა. ვიმედოვნებთ, პანდემიის მიუხედავად, სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლობა მაღალი იქნება. ორგანიზაციების მომართვიანობა ცხადია, მიუთითებს, რომ მათ ეყოლებათ დიდი თუ მოკლე მისიები“, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

დატოვე კომენტარი