გიორგი კალანდარიშვილი აცხადებს, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია ყველაფერს აკეთებს, რათა არჩევნები მაღალი სტანდარტების შესაბამისად ჩატარდეს
გიორგი კალანდარიშვილი აცხადებს, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია ყველაფერს აკეთებს, რათა არჩევნები მაღალი სტანდარტების შესაბამისად ჩატარდეს

ცესკო-ს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი აცხადებს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის ნომერ პირველი პრიორიტეტია უსაფრთხო საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფა.

მისივე თქმით, საარჩევნო ადმინისტრაცია ემზადება და ყველაფერს აკეთებს, რომ 2 ოქტომბერს არჩევნები ჩატარდეს მაღალი სტანდარტების შესაბამისად.

„ჩვენი პასუხისმგებლობა არის არჩევნების ადმინისტრირება და 2 ოქტომბერს ამომრჩეველს, საზოგადოებას შევთავაზოთ უსაფრთხო საარჩევნო გარემო, რათა მათ ნება თავისუფალ და უსაფრთხო გარემოში გამოავლინონ. ეს არის საარჩევნო ადმინისტრაციის ნომერ პირველი პრიორიტეტი. ამ ყველაფერს ემატება როგორც იცით პანდემია, ემატება სხვადასხვა გამოწვევა, რომელიც დღეს არსებობს. საარჩევნო ადმინისტრაცია ემზადება და ყველაფერს აკეთებს, რათა ეს ადმინისტრირება განხორციელდეს მაღალი სტანდარტით და ამის ყველა წინაპირობა არსებობს, დაწყებული რეფორმიდან, რომელიც ბოლო პერიოდში განხორციელდა და ამას გარდა, საარჩევნო კომისიების გაზრდილი კომპოზიციებით, რაც მიუთითებს, რომ ასეთი მრავალპარტიული წარმომადგენლობა, მაღალი ინკლუზიურობა, პროცესში მხარეების ჩართვის შესაძლებლობა, გახსნილობა და ის მაღალი გამჭვირვალობის სტანდარტები წარმოადგენს ზუსტად იმ კარგ წინაპირობას, რომ წელს, 2 ოქტომბერს არჩევნები ჩატარდეს მაღალი სტანდარტების შესაბამისად.

საარჩევნო ადმინისტრაციის კომპეტენციის ფარგლებში განსახორციელებელი ქმედებები ერთობლიობაში აბსოლუტურად მშვიდობიან გარემოში და თანაბარ პირობებში მიმდინარეობს. თანაბარში იგულისხმება ის გარემოებები, რომლებიც უზრუნველყოფს ამომრჩევლებისთვის თანაბარი პირობების შექმნას და ამისთვის საარჩევნო ადმინისტრაცია ყველაფერს აკეთებს“, – განაცხდა გიორგი კალანდარიშვილმა.

რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ მიერ ბანერებთან დაკავშირებით ცესკო-სთვის საჩივრით მიმართვის საკითხს, გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა, რომ დაწყებულია ადმინისტრაციული წარმოება, მიმდინარეობს ფაქტების კვლევა და შედეგების შესახებ ინფორმაციას საზოგადოებას უახლოეს პერიოდში მიაწვდიან.

„არა მხოლოდ „სამართლიანმა არჩევნებმა“, კიდევ ორმა საარჩევნო სუბიექტმა მოგვმართა ჩვენ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შესაძლო წარმოების განხორციელების თაობაზე. რა თქმა უნდა, ჩვენ უკვე დავიწყეთ ადმინისტრაციული წარმოება, ვიკვლევთ შესაბამის ფაქტებს და ვცდილობთ, რომ რაც შეიძლება მოკლე პერიოდში დავასრულოთ, გამოვავლინოთ კონკრეტული შემთხვევა, რასთან გვაქვს ადგილი, რის თაობაზეც უახლოეს პერიოდში საზოგადოებას აუცილებლად მივაწვდით ინფორმაციას. ბანერების შინაარსობრივ ნაწილზე საუბრისგან თავს შევიკავებდი, რადგან მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება და მხოლოდ ამ წარმოების დასრულების შემდეგ გავაკეთებ ამის თაობაზე განცხადებას“, – აღნიშნა კალანდარიშვილმა.

შეგახსენებთ, არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიან არჩევნებში“ განაცხადეს, რომ ანონიმურად განთავსებულ საარჩევნო ბანერებთან დაკავშირებით ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საჩივრით მიმართეს.