გიორგი კალანდარიშვილი - საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის, ყველა შესაძლო ტექნოლოგიური სიახლე მაქსიმალურად გამოიყენოს
გიორგი კალანდარიშვილი - საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის, ყველა შესაძლო ტექნოლოგიური სიახლე მაქსიმალურად გამოიყენოს

ნდობის მოპოვების მთავარი გასაღები არის გამჭვირვალობა და პროცესში მაქსიმალურად ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობის უზრუნველყოფა, – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა „მოამბის“ ეთერში განაცხადა.

როგორც გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა, მისი თავმჯდომარედ არჩევის დღიდან ცესკო-ს სხდომები ვებგვერდის საშუალებით გადაიცემა პირდაპირი ტრანსლაციით.

„ნახვების რაოდენობასა და ტრანსლაციის პერიოდში მომხმარებლების რაოდენობას თუ ნახავთ, მივხვდებით, რომ ძალიან დიდი ინტერესია ცესკო-ს სხდომების მიმართ, რაც მიუთითებს, რომ ჩვენ დავიწყეთ გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტის დადგენა. ამას გარდა, პირველად საარჩევნო ადმინისტრაციის ისტორიაში, უზრუნველვყავით, რომ საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების არჩევის პროცესი ყოფილიყო ასევე ინკლუზიური, ასევე მხარდაჭერა გვქონდა ინტერვიუების პროცესის. 

ჩვენ გვექნება ძალიან ბევრი სიახლე წინასაარჩევნო პერიოდში. ინტენსიურად ვმუშაობთ ყველა ჩართულ მხარესთან არასამთავრობოებთან, მათ შორის ყველა ის მნიშვნელოვანი საკანონმდებლო აქტი, რომელსაც ცესკო აპირებს, რომ მიიღოს, გვინდა, ყველა ჩართული მხარის მოსაზრებების გათვალისწინებით მოხდეს, ასეთია კოვიდდადგენელილებები. ვაპირებთ, მივიღოთ სამი-ოთხი კანონქვემდებარე აქტი, რომელიც მოაწესრიგებს წინასაარჩევნო პერიოდში და კენჭისყრის დღეს პანდემიასთან დაკავშირებულ საკითხებს, რათა 2 ოქტომბერს მივიდეთ მოტივაციით, რომ ჩვენი ქვეყნის ამომრჩევლებისთვის უზრუნველვყოთ ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო საარჩევნო გარემო“, – განაცხადა ცესკო-ს თავმჯდომარემ.

კითხვაზე, იგეგმება თუ არა ახალი ტექნოლოგიების გამოყენება, გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის ყველანაირად, თუ ეს დროში იქნება მოსწრებადი და შესაძლებელი, მაქსიმალურად მოხდეს ყველა შესაძლო ტექნოლოგიური სიახლის გამოყენება.

„განვიხილავთ ვიდეოფიქსაციას ხმის დათვლის პროცესის დროს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი. თუმცა, არსებული რესურსების გათვალისწინებით, ეს უზრუნველყოფილი იქნება უმეტეს უბნებზე, გარდა მცირე რაოდენობის საარჩევნო უბნებისა, ასევე განვიხილავთ გარკვეული პილოტის განხორციელებას, თუმცა ამ ეტაპზე საბოლოო გადაწყვეტილება ამაზე არ არსებობს, მიმდინარეობს ინტენსიური მოლაპარაკებები რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციასთან, რომლის შემდეგაც გვექნება გარკვეული ფინანსურ მხარეზე სასაუბრო და ამ რესურსების მოზიდვის შესაძლებლობა. ჯერ კიდევ არის დროს, რათა ამ შემჭიდროვებულ პერიოდში ჩვენ ვიფიქროთ გარკვეული ტექნოლოგიური სიახლეების პილოტად განხორციელებაზე. იმედი მაქვს, ჩვენი მოლაპარაკებები იქნება წარმატებული და გვექნება შესაძლებლობა, რომ გარკვეულ მაჟორიტარულ ოლქებში, დიდი ალბათობით თბილისის შემთხვევაში, შევთავაზოთ გარკვეული სიახლე ელექტრონული ტექნოლოგიების ხმის დათვლის პროცესში გამოყენებაზე“, – განაცხადა ცესკო-ს თავმჯდომარემ.

დატოვე კომენტარი