გიორგი კახიანი - ნიკა მელიასთან დაკავშირებით ჩემთვის მისასალმებელი იქნება ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც მიგვაახლოებს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმებასთან
გიორგი კახიანი - ნიკა მელიასთან დაკავშირებით ჩემთვის მისასალმებელი იქნება ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც მიგვაახლოებს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმებასთან

ნიკა მელიასთან დაკავშირებით ჩემთვის მისასალმებელი იქნება ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც მიგვაახლოებს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმებასთან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი კახიანმა განაცხადა.

მისი თქმით, მელიას აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით სასამართლომ ისე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რომ სახელმწიფო ინტერესი არ დაზიანდეს.

„ფაქტია, ყველამ თავისი თვალით იხილა, რა ქმედებები ჩაიდინა მელიამ, როდესაც პარლამენტის ეზოსა და დიდი ალბათობით, შემდეგ შენობაში შემოჭრას ცდილობდა. ამ ყველაფერში რამდენად იყო დანაშაულის ნიშნები, ეს სასამართლომ უნდა დაადგინოს, თუმცა ძალიან დიდი ალბათობით, აქ დანაშაულის ნიშნები იყო და ვერანაირ პოლიტიკურ პატიმრობაზე ვერ ვისაუბრებთ. პროკურატურამ განცხადება გააკეთა, რომ გირაოს გადახდის შემთხვევაში, მელიას შეუძლია, დატოვოს საპატიმრო დაწესებულება. ფაქტია, რომ მელიას ინტერესშია, ამ ეტაპზე საპატიმრო დაწესებულებაში იმყოფებოდეს. იგი არ იხდის გირაოს. ეს თანხა „ნაციონალური მოძრაობისთვის“ სიმბოლურია. 40 000 ლარი არ არის ის თანხა, რომელსაც ვერ გადაიხდის, მაგრამ ამის მიუხედავად, ბატონი მელია და „ნაციონალური მოძრაობა“ ამ გადაწყვეტილებას არ იღებენ. მისი პატიმრობაში ყოფნა, კანონიდან გამომდინარე, სწორი გადაწყვეტილება იყო. მან დაარღვია აღკვეთის ღონისძიების პირობები, მოიხსნა სამაჯური და სახელმწიფოს შანტაჟს შეეცადა.

სასამართლოს გადასაწყვეტია, შეუცვლის მას აღკვეთის ღონისძიებას თუ არა. ჩემთვის მისასალმებელი იქნება ნებისმიერი ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც საბოლოო ჯამში იმ შეთანხმებასთან მიგვაახლოებს, რაც ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიმდინარეობს ფასილიტატორების მეშვეობით. ეს იმდაგვარად უნდა მოხდეს, რომ სახელმწიფო ინტერესი არ დაზიანდეს“, – განაცხადა კახიანმა.