გიორგი კახიანი – ჩვენ როცა ვამბობდით, საქართველოში პროცესები იყო ქვეყნის გარედან დაფინანსებული, მაშინ ვისმენდით ევროპის ქვეყნების განცხადებებს, რომ ასე არ იყო, ბუმერანგივით უბრუნდებათ ყველაფერი
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი კახიანის განცხადებით, ევროპის ქვეყნებში ახლა დაიწყეს საუბარი აქციებთან დაკავშირებულ პროცესებში ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციების ქვეყნის გარედან დაფინანსების შესახებ, იმავე პროცესებთან დაკავშირებით კი საქართველოს შემთხვევაში საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებდნენ.
კახიანის თქმით, ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონი მისაღები იყო.
„კიდევ ერთხელ შეიძლება პარალელების გავლება – ჩვენ როცა ვამბობდით, რომ საქართველოში პროცესები იყო ქვეყნის გარედან დაფინანსებული, არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც გარედან ფინანსდებოდნენ, სწორედ ამ პროცესებში იყვნენ ჩართული, მაშინ ვისმენდით ევროპის ქვეყნების განცხადებებს, რომ ეს ასე არ იყო. ბუმერანგივით უბრუნდებათ ყველაფერი. იგივე პროცესებია, მსგავსი პროცესები, რომლებიც ფინანსდება ამ ქვეყნების გარედან, ვითარდება ამ ქვეყნებში და ახლა დაიწყეს ამაზე საუბარი, არასამთავრობო ორგანიზაციები ქვეყნის გარედან ფინანსდებიან და ა.შ. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ კანონმდებლობა, რომელიც ჩვენ თავის დროზე მივიღეთ, გამჭირვალობის კანონი, იყო მისაღები და ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს შეესაბამებოდა“, – აღნიშნა გიორგი კახიანმა.
შეგახსენებთ, უცხოურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საფრანგეთსა და იტალიაში საპროტესტო აქციების მხარდაჭერასა და ორგანიზებაში ჩართული ხუთი ორგანიზაცია და პროფკავშირი ევროკავშირის დაფინანსებას იღებდა.