გიორგი კახიანი აცხადებს, რომ სემეკ-ის თავმჯდომარე თავად კომისიის წევრებმა უნდა აირჩიონ
გიორგი კახიანი აცხადებს, რომ სემეკ-ის თავმჯდომარე თავად კომისიის წევრებმა უნდა აირჩიონ

საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი კახიანის მოსაზრებით, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე სემეკ-ის წევრებმა უნდა აირჩიონ.

როგორც ჟურნალისტებს კახიანმა განუცხადა, კონსტიტუციასთან შესაბამისობაში იქნება, თუ კომისიის წევრები თავმჯდომარეს თავად აირჩევენ.

„ამ შემთხვევაში, პარლამენტის ჩარევა საჭირო აღარ იქნება. პარლამენტი წევრებს აირჩევს, წევრები კი, თავმჯდომარეს. ეს პირადი პოზიციაა და კანონპროექტში ეს რეგულაცია იქნება თუ არა, ამას ვერ გეტყვით. კარგია, რომ სემეკ-ის თავმჯდომარის არჩევის საკითხთან დაკავშირებით რეაგირება დროულად მოხდა. უკეთესი იქნებოდა, უფრო ადრე მომხდარიყო, თუმცა პარლამენტს არაკონსტიტუციური გადაწყვეტილება არ მიუღია, რადგან ხარვეზის იდენტიფიცირება მოხდა. პრეზიდენტმა კანონის მოთხოვნის შესაბამისად კანდიდატურა წარადგინა, მაგრამ ვინაიდან კანონი არაკონსტიტუციურია, ეს გასწორდება“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.

საქართველოს პარლამენტში სემეკ-ის თავმჯდომარედ დავით ნარმანიას არჩევის საკითხზე გუშინ უნდა ეყარათ კენჭი, თუმცა კენჭისყრა გადაიდო, რადგან გაირკვა, რომ პრეზიდენტს არ ჰქონდა უფლება, სემეკ-ის თავმჯდომარის კანდიდატურა წარედგინა.