გიორგი კახელიშვილი „სამტრედიასთან“ ინციდენტზე - ნდონგმა ზურგიდან დამარტყა
ეროვნული საფეხბურთო ლიგის მეოთხე ტურში „სამტრედიასა“ და ფოთის „კოლხეთი 1913“-ის შეხვედრის დასრულების შემდეგ, ინციდენტი მოხდა, მაგრამ ეს ამბავი ჩრდილში მოექცა, რადგან მაყურებელი ტრიბუნებზე ისედაც ცოტა იყო და მსაჯის საფინალო სასტვენის დროს, ფაქტობრივად, აღარავინ დარჩა.
მატჩი ფოთელთა გამარჯვებით 2:0 დასრულდა. გუნდები მოედნიდან გადიოდნენ, როდესაც „კოლხეთის“ თავდამსხმელი გიორგი კახელიშვილი, საფეხბურთო ტრადიციის მიხედვით, „სამტრედიას“ მცველს, ანრი ნდონგს ხელს ართმევდა. გაბონის ნაკრების მცველმა კი მთელი ძალით დაარტყა, მოედანზე დააგდო და ვითარება აირია.
ფოთის „კოლხეთის“ 30 წლის თავდამსხმელმა მომხდარზე პირველ არხთან ისაუბრა.
„სამტრედიელთა ფეხბურთელებს ხელი ჩამოვართვი და ნდონგთანაც იმავეს ვაპირებდი. ინგლისურად მითხრა, შენ დღეს კარგად ითამაშე და ხელს არ ჩამოგართმევო. გამეცინა, ასე რომ შემაფასა – არაფერი ზედმეტი არ მითქვამს, მეგობრულად თავზე ხელი გადავუსვი და გავეცალე. უცებ ზურგიდან მეცა და დამარტყა. საერთოდ, ბოლო წუთებზე რამდენიმე ჩვენიანს უადგილოდ ეუხეშა. ეტყობა, ჩემზეც თავი ვერ შეიკავა. ასე ნორმალური ფეხბურთელი არ იქცევა“, – ამბობს კახელიშვილი.