გიორგი კაკაურიძე – ქვეყანაში ინფლაციის ერთ-ერთი გამომწვევი ფაქტორია ნავთობის ფასების ზრდა, რამაც პროდუქტების ფასებზეც იქონია გავლენა, წელს უნდა ველოდოთ, რომ ინფლაცია ეტაპობრივად დაბლა ჩამოვა

14:55, 04.09.2026

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, ნავთობის ფასების ზრდა ქვეყანაში ინფლაციის ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი ფაქტორია.

როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ნავთობის გაძვირებამ სხვა პროდუქტებზეც იქონია გავლენა, რამაც საბოლოოდ ინფლაციის მაჩვენებლის ზრდა განაპირობა.

„ნავთობის ფასები საკმაოდ გაიზარდა, რამაც შემდეგ სხვა პროდუქტებზეც იმოქმედა. ასევე გაიზარდა სხვადასხვა კომუნალური ხარჯი და საბოლოოდ ინფლაციაზეც იმოქმედა. საქსტატს გამოქვეყნებული აქვს, რომელი კომპონენტი რამდენით აისახა ინფლაციაზე. ეს ის იყო, რამაც ჯამში 5,6%-იანი ინფლაცია გამოიწვია. წელს, ჩვენ უნდა ველოდოთ, რომ ინფლაცია ეტაპობრივად დაბლა ჩამოვა და წლის ბოლოს იქნება საშუალო მაჩვენებელი, დაახლოებით 5%. მომდევნო წელს პროცესის კლებადი ტენდენცია იქნება. მნიშვნელოვანია, ეკონომიკურმა ზრდამ დამატებითი შემოსავალი მოგვცეს, როგორც ქვეყანას, ასევე თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც ამ ქვეყნის მოქალაქეა და ამ ქვეყანაში ცხოვრობს, რათა ინფლაციაზე მეტი შემოსავალი ჰქონდეს. ჩვენ თუ შევხედავთ ნებისმიერ ქვეყანას, ინფლაცია ყველა ქვეყანაშია – ზოგან მეტი, ზოგან ნაკლები, თუმცა ეკონომიკური ზრდა ის მაჩვენებელია, რომელმაც ადამიანებს დამატებითი შემოსავალი უნდა მისცეს. ეკონომიკური ზრდის გარეშე ნულოვანი ინფლაცია ქვეყნისთვის დამღუპველი იქნება. ამიტომ, ინფლაცია ყოველთვის იქნება. სასურველია იყოს მის მიზნობრივ მაჩვენებელზე, რომელიც 3%-ია. დღეის მდგომარეობით, უფრო მაღალია ინფლაცია, ვიდრე მისი მიზნობრივი მაჩვენებელი, თუმცა მომდევნო წლიდან, ვფიქრობთ, 3%-იან მაჩვენებელს დაუბრუნდება. ისევე, როგორც, დიდი ალბათობით, ეკონომიკური ზრდაც ასეთი მაღალი ვერ იქნება და ეტაპობრივად მის ბუნებრივ დონეს დაუბრუნდება, რაც დაახლოებით 5,5%-ია“, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

მსგავსი