გიორგი კაკაურიძე - პროგნოზებით, ეკონომიკური ზრდის აღდგენა 2021 წლიდან დაიწყება და მშპ-ს რეალური ზრდა 4 პროცენტს მიაღწევს
გიორგი კაკაურიძე - პროგნოზებით, ეკონომიკური ზრდის აღდგენა 2021 წლიდან დაიწყება და მშპ-ს რეალური ზრდა 4 პროცენტს მიაღწევს

2020 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტით გათვალისწინებული ყველა საბაზისო მაკროეკონომიკური პარამეტრი შეთანხმებულია საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან, მათ შორის, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ განაცხადა და აღნიშნა, რომ ახალი გამოწვევების მიუხედავად, პროექტი სრულად უზრუნველყოფს ქვეყნის ფისკალურ მდგრადობას.

მისი თქმით, 2020 წლის დასაწყისში საქართველოს ჰქონდა მაღალი ეკონომიკური ზრდა და მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის ისტორიული მინიმუმი.

„ამ მაჩვენებლებმა და ფისკალური მართვის ხარისხმა შეგვიწყო ხელი, რომ საქართველო გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან გაზრდილი ფინანსური მხარდაჭერა მიიღო“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.

ცვლილებების პროექტის თანახმად, კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, 2020 წელს მოსალოდნელია ეკონომიკის 4 პროცეტიანი შემცირება.

ბიუჯეტის პროექტში ცვლილებების მიხედვით, მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორი შეადგენს 4,8 პროცენტს, სამომხმარებლო ფასების ინდექსის საშუალო წლიური მაჩვენებელი 4,7 პროცენტს, ხოლო წლის ბოლოსთვის 3,5 პროცენტს. ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი 50,3 მლრდ ლარია, ნაცვლად გასული წლის დეკემბრის პროგნოზით არსებული 53,1 მლრდ ლარისა. ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 8.5 პროცენტით.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის თქმით, არსებული პროგნოზების მიხედვით, ეკონომიკური ზრდის აღდგენა 2021 წლიდან დაიწყება და მშპ-ს რეალური ზრდა 4 პროცენტს, ხოლო 2020 წლისთვის 6.0 პროცენტს მიაღწევს.

„ეკონომიკური პარამეტრების გაუარესებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვნად მცირდება ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობები და განსაკუთრებით, საგადასახადო შემოსავლების მაჩვენებელი“, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.