გიორგი ჯინჭარაძე – მაქვს ინფორმაცია, რომ გიორგი ბარამიძეს შესთავაზეს, მისი განცხადებები „ტყვეების დახვრეტაზე“ არ გასულიყო გადაცემაში, თუმცა ეს მისი ნებით მოხდა
გიორგი ბარამიძის განცხადება არის არასახელმწიფოებრივი და შეურაცხყოფს ომის გმირებს, – ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, გიორგი ჯინჭარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, გიორგი ბარამიძის განცხადება მოღალატეობრივია და უცხოური აგენტურის გამოვლინებაა.
„დღეს პატივს მივაგებთ ჩვენს გმირებს, სამხედროებს, სამოქალაქო პირებს, რომლებმაც ჩვენი ქვეყნის გამო თავი გაწირეს. 1992 წლის 14 აგვისტო ჩვენი უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ტრაგიკული თარიღია. რაც შეეხება უშუალოდ გიორგი ბარამიძის განცხადებას, ეს იყო მოღალატეობრივი განცხადება, მიზანმიმართული. მე მაქვს ინფორმაცია, რომ გიორგი ბარამიძეს შესთავაზეს, აღნიშნული სიუჟეტი არ გასულიყო, თუმცა ეს მისი ნებით მოხდა.
მოხდა იმიტომ, რომ ეს არის, ფაქტობრივად, უცხოური აგენტურის გამოვლინება, არის არასახელმწიფოებრივი განცხადება. შეურაცხყოფს იმ გმირებს, რომლებიც გმირთა მემორიალის დაფაზეა ამოტვიფრული, იმ ადამიანებისა და მებრძოლების სულს, რომლებმაც ჩვენი ქვეყნის ერთიანობას თავი შესწირეს. ამაზე განცხადების გაკეთებაც არ ღირს. თუ დააკვირდებით, მიმდინარე დღეებში არც ოპოზიციური არხების მხრიდან არ ყოფილა ამ მოღალატეობრივი ქმედების დაგმობა, რადგან ეს არის მათი ერთიანი მიზანი, რომ შეურაცხყონ თითოეული ქართველისა და იმ გმირის სული, ვინც ღირსეულად ემსახურა ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა ჯინჭარაძემ.
ცნობისთვის, გიორგი ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით პროკურატურამ სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
საქმე ეხება „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გია ბარამიძის განცხადებას, რომლის თანახმადაც, „აფხაზეთში ომის დროს ქართველი სამხედროები ტყვეებს ხვრეტდნენ და აფხაზური მხარე ამიტომ ტყვეებს არ იძლეოდა“.