ბოლნისის „სიონში“ საკადრო სიახლეები ჯერ არ დასრულებულა – გუნდის მორიგი ახალწვეული გიორგი ივანიაძეა. კლუბის ოფიციალური გვერდის ცნობაში მითებულია, რომ თბილისის „მერანიდან“ დამატებული 21 წლის შემტევი „სიონში“ ითამაშებს, თუმცა ხელშეკრულების ვადა მითითებული არაა.
„ბოლნისის „სიონი“ ჩემთვის ნაცნობი გუნდია, ბევრჯერ მითამაშია როგორც მოწინააღმდეგეს. ამჯერად ამ გუნდის მაისურს მოვირგებ, რაც ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა. „სიონი“ ტრადიციული, საქართველოს ჩემპიონის ტიტულის მქონე გუნდია და გააჩნია ამბიციები. წელს ამ გუნდის მიზანი ეროვნულ ლიგაში დაბრუნებაა და მსურს, ამაში ჩემი წვლილი შევიტანო“, – ამბობს გიორგი ივანიძე.
მისი აზრით, ბოლნისურ კლუბს გუშემატკივრის სახით დიდი პლუსი გააჩნია:
„სიონთან“ სტუმრად თამაში ყოველთვის სასიამოვნო იყო, რადგან აქ არის საფეხბურთო გარემო, რომელსაც გულშემატკივარი ქმნის. ყოველთვის იგრძნობოდა, რომ აქ ფეხბურთი უყვართ. მოხარული ვარ, რომ ამ გარემოში, ამჯერად „სიონისთვის“ მომიწევს თამაში. გულშემატკივრის გვერდში დგომა წარმატებისთვის აუცილებელია. მათ გასახარებლად კი არაფერს დავზოგავთ. ერთად მივაღწევთ მიზანს და „სიონს“ დავაბრუნებთ იმ ელიტურ ზონაში, სადაც მისი ადგილია”.