გიორგი იმედაშვილი - სალომე ზურაბიშვილი არის საქართველოს ბოლო ლეგიტიმური პრეზიდენტი, მისი როლი კოორდინაციასა და, განსაკუთრებით, დასავლეთთან ურთიერთობაში განუზომელი იქნება 
გიორგი იმედაშვილი - სალომე ზურაბიშვილი არის საქართველოს ბოლო ლეგიტიმური პრეზიდენტი, მისი როლი კოორდინაციასა და, განსაკუთრებით, დასავლეთთან ურთიერთობაში განუზომელი იქნება 

ვერერთი გირაო და სასჯელი ვერ გვაიძულებს, რაღაცნაირად ლეგიტიმაცია მივანიჭოთ იმ თეატრს, რომელსაც დღეს საქართველოს პარლამენტი ჰქვია და არცერთი გამოკითხვით საქართველოს მოსახლეობის მეხუთედიც კი არ ენდობა, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა, გიორგი იმედაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რას გულისხმობს თეატრში ამ შემთხვევაში, პარლამენტს თუ საგამოძიებო კომისიას, რადგან ეს საკმაოდ სენსიტიური საკითხია იმის გათვალისწინებით, რა ისტორიებსაც საზოგადოება ბოლო დღეებში ისმენს, გიორგი იმედაშვილმა განაცხადა, რომ მთლიანად უწყება თუ თეატრია, სხვადასხვა სპექტაკლი იქნება სხვადასხვა კომისიაში.

„რა თქმა უნდა, ეს არის წმინდა წყლის რუსული პროპაგანდის სტილში წარმოებული სპექტაკლი“, – აღნიშნა იმედაშვილმა.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, უსმენს თუ არა საგამოძიებო კომისიაზე ადამიანების გამოსვლას, იმედაშვილმა განაცხადა, რომ რამდენიმე ამონარიდი ნახა.

შეკითხვაზე, თვლის თუ არა, რომ სპექტაკლია ის, რაც თუნდაც ამ ამონარიდებიდან მოისმინა, იმედაშვილმა თქვა, რომ ზუსტად ამ ამონარიდებზე დაყრდნობით გაუმყარდა მოსაზრება, რომ ეს ნამდვილი სპექტაკლია, რადგანაც, მაგალითად, არ იბარებენ გივი მიქანაძეს, რომელიც ახლა დელიში დელის უნივერსიტეტის რექტორს ხვდება, რომელიც იყო იმ იუსტიციის მინისტრის მოადგილე, რომელსაც ყველაფერს აბრალებენ და რაღაცნაირად, მისი მოადგილეც იქნებოდა ბრალში, მაგრამ არ იბარებენ, რადგან ეს არის წმინდა წყლის ფარსი.

„მგონი, უფრო საინტერესო რაღაცები ხდება ქვეყანაში, ვიდრე ამ სპექტაკლზე დაკვირვებაა“, – განაცხადა იმედაშვილმა.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, რატომ აქვს პრეტენზიები კოალიცია „ცვლილებისთვის“ „გახარია საქართველოსთან“ და „ლელოსთან“ მიმართებაში და რატომ აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა-არმონაწილეობის შესახებ გახარიას პარტიის მხრიდან განცხადებები გარკვეული ინტერპრეტირების საშუალებას იძლევა, გიორგი იმედაშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიციას აქვს ძალიან მკაფიო სტრატეგია არაღიარების და ართანაშრომლობის იმ პარლამენტთან თუ მთავრობასთან, რომელიც სინამდვილეში არის დე ფაქტო და მას არანაირი ლეგიტიმაცია არ გააჩნია არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ, შესაბამისად, რაც მეტად იქნება ნათელი ოპოზიციის პოზიცია ხელისუფლების არალეგიტიმურობის შესახებ, ეს არის მხოლოდ კარგი, ვინაიდან ეს ზრდის წნეხს ხელისუფლებაზე.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, როგორ ესახება ოპოზიციურ კოორდინაციას სალომე ზურაბიშვილის როლი სამომავლოდ და რამდენად თანხვედრაშია სალომე ზურაბიშვილის პოზიციებთან 31 მარტს რუსთაველზე შეკრებილ ადამიანთა მოთხოვნები და ფაქტია, იგივე „გირჩი – მეტი თავისუფლება“ დატოვა სამმა ადამიანმა, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ამ მოცემულობაში, ამ შემადგენლობით და სტრატეგიით ოპოზიციას მომავალი არ აქვს, გიორგი იმედაშვილმა განაცხადა, რომ ამ სამი წევრის პესიმიზმის შესახებ კომენტარს არ გააკეთებს.

„ადამიანის რწმენა ინდივიდუალურია. შეიძლება, ადამიანს სჯეროდეს პროცესის და შეიძლება, არ სჯეროდეს. მე მჯერა ამ პროცესის, ვინაიდან ვნახე ამ პროცესის შედეგი. ამ პროცესის შედეგი არის ის, რომ ხელისუფლება აღარ არის დაბალანსებული; ხელისუფლება არ არის აღიარებული და აქვს პრობლემები, ღიად ხელშესახები პრობლემები. მათ შორის, პრობლემები იმისა, რომ არავინ ხელს არ ართმევს, მათ შორის, ზოგიერთი უნივერსიტეტის რექტორის გარდა. ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ „ქართული ოცნებაც“ კარგად ხვდება, სალომე ზურაბიშვილის როლი რომ მნიშვნელოვანია. ეს არის საქართველოს ბოლო ლეგიტიმური პრეზიდენტი და მას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო ლეგიტიმაცია, მის განცხადებებს, მათ შორის, საქართველოში არჩევნების მოპარვის შესახებ ჰქონდა ძალიან დიდი ძალა, დღესაც აქვს და სწორედ მისი როლი კოორდინაციასა და, განსაკუთრებით, დასავლეთთან ურთიერთობაში იქნება განუზომელი“, – განაცხადა გიორგი იმედაშვილმა.