გიორგი გვიმრაძე - დეპუტატ დავით ჭიჭინაძის განცხადება შესაძლოა, სახიფათო სიგნალი იყოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობასთან მიმართებაში
გიორგი გვიმრაძე - დეპუტატ დავით ჭიჭინაძის განცხადება შესაძლოა, სახიფათო სიგნალი იყოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობასთან მიმართებაში

საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორი გიორგი გვიმრაძე საგანგაშოს უწოდებს საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით დეპუტატ დავით ჭიჭინაძის განცხადებას.

„ვფიქრობ, საგანგაშოა, როდესაც პარლამენტის წევრი აკეთებს განცხადებას მაუწყებლის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით. არ აქვს მნიშვნელობა, რა საფუძველს იშველიებს თავის განცხადებაში. როდესაც საუბარი ეხება საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობის საკითხის გადახედვას საკანონმდებლო დონეზე, ეს მართლაც სახიფათოა იმ თვალსაზრისით, რომ შეიძლება, სერიოზული სიგნალი იყოს სარედაქციო დამოუკიდებლობასთან მიმართებაში“, – აცხადებს გიორგი გვიმრაძე.

მაუწყებლის დაფინანსებისა და დამოუკიდებლობის გადახედვის თემაზე დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ისაუბრა, სადაც 2019 წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავდნენ.

როგორც ჭიჭინაძემ აღნიშნა, „მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტში საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის 58 მილიონი ლარია გათვალისწინებული, რაც საკმაოდ დიდი თანხაა“.

„45 მილიონის სესხის აღებას აპირებენ კიდევ ხუთწლიანს. თქვენ კითხვა არ გიჩნდებათ, რას აპირებს ეს კაცი? აიღოს, ჩაიდოს ჯიბეში და მერე ხუთი წლის შემდეგ თავში ქვა უხლია ვიღაცას, თუ როგორ არის. თუ ჩვენ ესე უნდა ვზარდოთ ბიუჯეტი და შესაბამისად კრედიტები ვფაროთ, ხომ? აქედან გამომდინარე, ვთვლი, რომ საერთოდ, ეს მუხლი, ეს ფსევდოდამოუკიდებლობა ტელევიზიის ალბათ დასაფიქრებელი და შესაცვლელია. 60 მილიონი ჩვენ ახლა ვასიკო მაღლაფერიძეს ვაჩუქოთ, მან რაღაც ღირსეული გადაცემები ამოიღოს, არაღირსეული ჩააგდოს. ახლა ჩვენ მოვისმინეთ პროფკავშირების წარმომადგენლებისგან, რომ ოთხი შვილის მამას უშვებენ. რაღაც აბსურდამდე მიდიან, მივლინებებში მყოფი ადამიანი ტურნიკეტს რომ ვერ გაივლის და იმას სამსახურიდან აგდებ, სამსახურში არ დადიხარო. ამ კაცს 58 მილიონი კი არა, მე ვფიქრობ, 58 თვე უნდა მიუსაჯოთ საზოგადოებისთვის საჭირო საქმიანობა“, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

დეპუტატის განცხადებას არაკომპეტენტურსა და მიზანმიმართულ ტყუილს უწოდებს საზოგადოებრივი მაუწყებლის ფინანსებისა და ადმინისტრაციის ბლოკის დირექტორი ნოდარ ჭიჭინაძე.

როგორც ნოდარ ჭიჭინაძემ აღნიშნა, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი და მისი დაფინანსების სქემა მიბმულია მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდაზე, როდესაც იზრდება მშპ, იზრდება საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტიც.

„ასევე, მიზანმიმართული და შეცდომაში შეყვანის მცდელობაა, როდესაც ამბობენ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსება შეადგენს 58 მილიონს. ძირითადად აქცენტი კეთდება პირველ არხზე. 58 მილიონი არის როგორც პირველი არხის, ასევე აჭარის ტელევიზიის დაფინანსება ჯამში. აქვე განვმარტავ, მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის დაფინანსება არის დაახლოებით 49 მილიონი ლარი. რაც შეეხება სესხის აღებას. სად თუ არა პარლამენტში, კარგად უნდა ერკვეოდნენ, რას უკავშირდება და როგორ ხდება სესხის აღება. სესხის აღებაზე ნებართვას გვაძლევს სამეურვეო საბჭო, აგრეთვე ფინანსთა სამინისტრო. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, კომერციული ბანკი არ მოგვცემს სესხს ისე, რომ წინასწარ არ იყოს მიზნობრიობა კარგად დასაბუთებული და შემდგომ ათვისების პროცესში მიზნობრივად არ იქნეს გამოყენებული“, – განაცხადა ნოდარ ჭიჭინაძემ.

მისივე თქმით, სესხი, რომლის აღებაზეც მუშაობს საზოგადოებრივი მაუწყებელი, ემსახურება იმის გაკეთებას, რაც არასდროს გაკეთებულა საზოგადოებრივ მაუწყებელში, ეს არის სრული ტექნიკური გადაიარაღება.

„საუბარია დაახლოებით 45 მილიონ ლარზე. მაუწყებელს სჭირდება სრულიად განახლებული ტექნიკური ბაზა, რაც არ აქვს“, – განაცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის ფინანსებისა და ადმინისტრაციის ბლოკის დირექტორმა ნოდარ ჭიჭინაძემ.