გიორგი გვიმრაძე - ამ მართლაც ე.წ. ხელოვნური პოლიტიკური კრიზისის გვერდით ხელისუფლებას ძალიან სერიოზული გამოწვევები აქვს დასაძლევი, რასაც მეტი ძალისხმევა სჭირდება
გიორგი გვიმრაძე - ამ მართლაც ე.წ. ხელოვნური პოლიტიკური კრიზისის გვერდით ხელისუფლებას ძალიან სერიოზული გამოწვევები აქვს დასაძლევი, რასაც მეტი ძალისხმევა სჭირდება

ვნახოთ, ჰყავს თუ არა ამ ქვეყანას გრუშე, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორმა, გიორგი გვიმრაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„დღევანდელი მდგომარეობა ძალიან მაგრად წააგავს „კავკასიური ცარცის წრის“ იმ ეპიზოდს, რომელიც იდეაში ბიბლიურია, როცა აზდაკის წინაშე დგას ნამდვილი დედა, გრუშე და საუბარი მიდის, ვისთან უნდა წავიდეს პატარა მიხეილი. აზდაკი ამბობს – მოდით, გავყოთ მიხეილი და ვინ გაუშვებს ხელს. ახლა საინტერესოა, აღმოაჩნდება თუ არა საქართველოს გრუშე, გაუშვებს თუ არა ხელს ვინმე, თუ ბოლოს და ბოლოს, ორივე იქნება დედა და გაყოფენ. აი, ეს მდგომარეობაა და ვნახოთ ახლა, ჰყავს თუ არა ამ ქვეყანას გრუშე“, – განაცხადა გვიმრაძემ.

მისი თქმით, არსებობს დოკუმენტი, გაწერილი პუნქტები და ახლა ხელისუფლებას აქვს ძალიან კარგი შესაძლებლობა, ამის აღსრულება თუნდაც, ცალმხრივად დაიწყოს.

„ხელისუფლებას სჭირდება იმის თქმა, რომ ჩვენ ევროპასთან, ჩვენ პარტნიორებთან გვაქვს გარკვეული ურთიერთობა, ამ ურთიერთობაში არის გარკვეული სამუშაო დოკუმენტი და ჩვენ ამ დოკუმენტს ვასრულებთ. მნიშვნელობა არ აქვს, ოპოზიცია ამას ხელს მოაწერს თუ არა, ან პარლამენტში შევა თუ არა, აგერ არის შესასრულებელი პროცესი და ჩვენ ამ პროცესს მივყვებით. ანუ, ასე ვთქვათ, სამოქმედო გეგმა გაიწერა და ლოკალურ დონეზე ეს შეიძლება, იყოს გამოსავალი, გარკვეული თვალსაზრისით, რადგან ამ მართლაც ე.წ. ხელოვნური პოლიტიკური კრიზისის გვერდით ხელისუფლებას ძალიან სერიოზული გამოწვევები აქვს დასაძლევი და ამ გამოწვევებს უფრო მეტი ძალისხმევა სჭირდება. შესაბამისად, ეს რაც ნაკლებ ძალისხმევას მოიხმარს, იმ პუნქტებით შეიძლება, მარტივად იქნას გავლილი და მთელი ყურადღება მიმართული იქნას იმისკენ, რომ სერიოზული პრობლემები მოგვარდეს“, – განაცხადა გვიმრაძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, ელოდება თუ არა ხელისუფლების მხრიდან ამ პროცესის დაწყებას, გიორგი გვიმრაძემ განაცხადა, რომ ამის იმედი აქვს, რადგან უკვე ვართ იმ ჩიხში, საიდანაც გამოსავალი უნდა მოიძებნოს.

დატოვე კომენტარი