გიორგი გულიაშვილის „რასინგმა“ კონკურენტი დამაჯერებლად დაამარცხა, ლუკა ხარატიშვილმა პენალტი მოიგერია #1TVSPORT

00:20, 13.04.2026

გიორგი გულიაშვილის სანტანდერის „რასინგმა“ ესპანეთის ლა ლიგა 2-ში ერთ-ერთ კონკურენტს, „ალმერიას“ უმასპინძლა და 5:1 გაიმარჯვა.

ესპანეთის ლა ლიგა 2-ის 35-ე ტურის შეხვედრაში ქართველი თავდამსხმელი „რასინგის“ ძირითად შემადგენლობაში იყო, თუმცა ამჯერად თავი გოლითა და საგოლე გადაცემით ვერ გამოიჩინა.

ამ მატჩამდე ლა ლიგა 2-ის ლიდერი სანტანდერის „რასინგი“ ლა ლიგაში გადასვლისთვის მებრძოლ „ალმერიას“ მხოლოდ ერთი ქულით ასწრებდა. ამიტომ სეზონის ბოლოს ამ შეხვედრას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.

35 ტურის შემდეგ „რასინგს“ 65 ქულა აქვს, ლა ლიგა 2-ის ერთპიროვნული ლიდერია და ელიტაში დაბრუნებამდე 7 მატჩი აშორებს.

ლუკა ხარატიშვილმა ჩეხეთის ჩემპიონატში „პარდუბიცეს“ შემადგენლობაში წარმატებული მატჩი ჩაატარა და გუნდს ოლომოუცის „სიგმას“ დამარცხებაში დაეხმარა – 2:1.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი მეკარე თავდაპირველად სათადარიგოთა სკამზე იჯდა, თუმცა წელს შემადგენლობაში პერიოდულად ჩნდება. ამჯერად თავი მე-7 წუთზე გამოიჩინა – მან პენალტი მოიგერია. საბოლოოდ, მან გუნდი 3-ჯერ გადაარჩია და 6.8 ქულა დაიმსახურა.

ბათუმის „დინამოდან“ ჩეხურ კლუბში 2026 წლის ივნისამდე იჯარით გადასულმა ქართველმა მეკარემ მიმდინარე სეზონში სულ 9 მატჩი ჩაატარა და პენალტი მეორედ მოიგერია.

ესტონეთის ჩემპიონატში ზაქარია ბეგლარიშვილი არაორდინალური გოლის ავტორი გახდა – ქართველმა ნახევარმცველმა მეტოქის კარი კუთხურიდან აიღო.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ეს „ნარვა ტრანსთან“ მატჩის 51-ე წუთზე მოახერხა. ამ დროისთვის მისი ამჟამინდელი გუნდი – „ნომე იუნაიტედი“ ყოფილ კლუბს (სადაც შალვა ბურჯანაძე თამაშობს) 2:1-ს უგებდა. საბოლოოდ მისმა გუნდმა 5:1 გაიმარჯვა.

ქართველი ნახევარმცველის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში, 6 შეხვედრაში 2 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.

მსგავსი