გიორგი გულიაშვილი - რუმინეთთან გამარჯვება შეგვეძლო #1TVSPORT
გიორგი გულიაშვილი - რუმინეთთან გამარჯვება შეგვეძლო #1TVSPORT

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ვოლუნტარიში რუმინეთთან ამხანაგური შეხვედრა 1:1 დაასრულა. ანგარიში მე-16 წუთზე, რუმინელებმა იანის სტოიცას გოლით გახსნეს. რამაზ სვანაძის გუნდიდან ერთადერთი გოლი 73-ე წუთზე გიორგი გულიაშვილმა გაიტანა, რომელმაც მოედნის ცენტრიდან დაწყებული კონტრშეტევა ეფექტური დარტყმით დაასრულა და და ანგარიში გაათანაბრა.

გიორგი გულიაშვილმა რუმინეთთან შეხვედრა შეაფასა – საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების თავდამსხმელის აზრით, მოგებაც შესაძლებელი იყო.

„მეტოქე გუნდის ძალიდან გამომდინარე, ვიცოდით, რომ რთული თამაში იქნებოდა. მართლაც დაძაბული მატჩი გამოვიდა. ვაგებდით, თუმცა შემდეგ შევძელით და გავათანაბრეთ, მაგრამ ჩემი აზრით, თავისუფლად შეგვეძლო გამარჯვება მოგვეპოვებინა“, – ამბობს გიორგი გულიაშვილი.

აღსანიშნავია, რომ რუმინეთის ახალგაზრდული ნაკრების კარში გატანილი გოლი, გიორგი გულიაშვილისთვის 21-წლამდე ნაკრებში რიგით მეოთხეა. „საბურთალოს“ შემტევმა, პირველი გოლი 2019 წლის სექტემბერში აზერბაიჯანის წინააღმდეგ გაიტანა, ხოლო 2021 წლის მარტში, ბელარუსთან დუბლის შესრულება შეძლო.

საქართველო და რუმინეთი 2023 წელს ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატს ერთად უმასპინძლებენ. აქედან გამომდინარე, ორივე ნაკრები შესარჩევ ეტაპებს გამოტოვებს და ავტომატურად ფინალურ ეტაპზე ითამაშებს.

საქართველოს ახალაგზრდულმა ნაკრებმა ევრო 2023-ისთვის მზადება გაზაფხულზე ბელარუს თანატოლთა გუნდთან ამხანაგური მატჩით დაიწყო – 29 მარტს გორში გამართულ შეხვედრაში ჩვენმა ნაკრებმა მეტოქე 4:1 დაამარცხა.