გიორგი გუგავა ბადრი ჯაფარიძის რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატად წარდგენას არასწორ პოლიტიკურ ნაბიჯად მიიჩნევს
„ლეიბორისტული პარტიის“ წარმომადგენელი გიორგი გუგავა აცხადებს, რომ ოპოზიციონერების მიერ პარლამენტის მანდატების დატოვება აუცილებელია. ამასთან, გუგავას თქმით, უნდა გაიმართოს სახალხო გამოსვლები.
„ეს არის კონკრეტული გამოსავალი არსებული სიტუაციიდან, თუ გვინდა, სერიოზული პრობლემა შევქმნათ და დავამარცხოთ ოლიგარქია. ეს მდგომარეობს შემდეგში – მანდატების დატოვება, საერთო სახალხო აქციები და ამავე დროს, მისი ბანდის, ხელისუფლების სანქცირება, მათი ანგარიშების სანქცირება. აი, ეს დაგვიხსნის ამ ოლიგარქიული დიქტატურისგან. მანდატების დატოვება ნიშნავს, რომ პარლამენტი არალეგიტიმურად ჩაითვლება. საერთო სახალხო გამოსვლა და ივანიშვილის ანგარიშების სანქცირება მოგვიტანს გამარჯვების საფუძვლებს და იხსნის ქვეყანას ამ გველეშაპისგან“, – განაცხადა გიორგი გუგავამ.
ამასთან, გუგავას თქმით, თუკი ოპოზიცია არ დატოვებს მანდატებს, „ეს იმას ნიშნავს, რომ თანამშრომლობენ ხელისუფლებასთან და უმყარებენ უკანონო ქმედებებსა და ანტიკონსტიტუციურ გადაწყვეტილებებს“.
გიორგი გუგავამ კომენტარი გააკეთა ბადრი ჯაფარიძის რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატად წარდგენაზეც და აღნიშნა, რომ ამას არასწორ პოლიტიკურ ნაბიჯად მიიჩნევს.
„ჩვენი რჩევა იქნება ბატონი ბადრის მიმართ, რომ ეს არ არის სწორი გადაწყვეტილება – ერთი მხრივ, შენ უკანონოდ გდევნიდნენ სრულიად პარლამენტიდან, დიქტატურა იყოს ქვეყანაში; მეორე მხრივ, კვლავ არჩევნების იმედი გქონდეს, სადაც აუცილებლად ხელისუფლება აბსოლუტურად ყველაფერს გააკეთებს, რომ დაამარცხოს, მე ვფიქრობ, ეს არასწორი გადაწყვეტილებაა და ასე არ უნდა შევიდეთ ხელისუფლების თამაშში. ეს არის არასწორი პოლიტიკური ქმედება, როდესაც პარლამენტიდან გაძევებენ შენ, დიქტატურის გამოვლინებაა და ამავე დროს, შენ იმედი გქონდეს ლოკალური არჩევნების გზით, თითქოსდა დემოკრატიულად ატარებდნენ ამ არჩევნებს, დაამარცხებ მას, ეს არის არასწორი პოლიტიკური სვლა“, – განაცხადა გიორგი გუგავამ.