გიორგი გიუნაშვილი - აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელმა მითხრა, რომ პატიმრობიდან მათი თხოვნით გამათავისუფლეს

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელმა მითხრა, რომ პატიმრობიდან მათი თხოვნით გამათავისუფლეს,- ამის შესახებ საოკუპაციო რეჟიმის მიერ გათავისუფლებულმა გიორგი გიუნაშვილმა პირველ არხს განუცხადა.

გიუნაშვილი აცხადებს, რომ ქართულ მხარესთან გადმოცემამდე, მას აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელი ზურაბ ლაკერბაია შეხვდა.

„დილით გამაღვიძეს და მითხრეს, რომ მათავისუფლებდნენ. ციხის ადმინისტრაციის შენობაში მიმიყვანეს. ლაკერბაიამ მითხრა, რომ მათი თხოვნით მოხდა ჩემი გათავისუფლება. მოლაპარაკებები იყო და არ ვიცი რა მოილაპარაკეს, დათანხმდა ოსური მხარე.

ვინმეში თუ მოხდა ჩემი გაცვლა, არ ვიცი. ადმინისტრაციიდან გამომიყვანეს და ერგნეთის საგუშაგოზე გადასცეს ჩემი თავი ჩვენ სამართალდამცავებს. ლაკერბაია ერგნეთის საგუშაგომდე მოვიდა და დაელაპარაკა კიდევ ჩვენს წარმომადგენლებს,”- განაცხადა გიორგი გიუნაშვილმა.

გათავისუფლებული წაყენებულ ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს. გიუნაშვილის ოჯახში იმყოფებოდა სახელმწიფო უშიშროების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი კახა ქემოკლიძე, რომელიც გიუნაშვილის გადმოცემის დროს მოლაპარაკებებში იყო ჩართული.

ქემოკლიძე გათავისუფლების დეტალებზე არ საუბრობს და გიუნაშვილის გათავისუფლებას, ერგნეთის მოლაპარაკებების ფორმატში, დადებით იმპულსად აფასებს.

გიორგი გიუნაშვილის ცხინვალის ე.წ ციხიდან გათავისუფლებაზე ოფიციალურ განცხადება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა.