გიორგი ღავთაძე - მსგავსი სპარინგებით ფორმაში შევალთ და ევროპის ჩემპიონატზე ისე ვითამაშებთ, როგორც საქართველოს ნაკრებს შეეფერება #1TVSPORT
ლიეტუვასთან გამართული ორი ამხანაგური მატჩი (2:0, 2:2) საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების მოთამაშემ, გიორგი ღავთაძემ შეაფასა.
„ლიეტუვასთან მეორე მატჩის მოგებაც ძალიან გვინდოდა, მაგრამ სამწუხაროდ, ვერ მოვახერხეთ და ფრედ დავასრულეთ. ევროპის ჩემპიონატამდე ასეთი თამაშები ძალიან კარგია. იმედია, სპარინგებით უფრო და უფრო შევალთ ისეთ ფორმაში და ევროპის ჩემპიონატზე ისე ვითამაშებთ, როგორც საქართველოს ნაკრებს შეეფერება“, – ამბობს გიორგი ღავთაძე.
ახალგაზრდა მოთამაშის თქმით, ეს სპარინგები სასარგებლო იყო.
„ეს მატჩები უფრო შესარჩევი ხასიათის იყო – ლიეტუვასთან ნათამაშები შემადგენლობიდან ნაკრების მწვრთნელები საქართველოს ჩემპიონატიდან საუკეთესოებს არჩევდნენ, რომლებიც ეროვნულ გუნდთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებენ. ვფიქრობ, მწვრთნელებს ჰქონდათ ძალიან კარგი საშუალება, რომ შეეფასებინათ, ნაკრებს საქართველოს ჩემპიონატის მოთამაშეებიდან ვინ როგორ გამოადგება“.
გიორგი ღავთაძე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდის, კსუ-ს ლიდერია. 20 წლის მოთამაშე 15 გოლით ფუტსალის ლიგის მიმდინარე გათამაშების საუკეთესო ბომბარდირია და გუნდის ფინალურ ოთხეულში გაყვანაში დიდი როლი ითამაშა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფუტსალის ნაკრები არსებობის ისტორიაში ევროპის ჩემპიონატზე პირველად გავიდა – ფინალური ეტაპი 2022 წლის იანვარში ნიდერლანდებში გაიმართება.