გიორგი ღავთაძე - დღეს უნდა მოგვეგო, თორემ თსუ შეცდომას არ გვაპატიებდა #1TVSPORT
ფუტსალის ლიგის ახალი გამარჯვებულის, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ლიდერმა და მოთამაშე-მწვრთნელმა განვლილი სეზონი შეაფასეს.
„დიდი მადლობა მინდა მოვუხადო ჩემი გუნდის თითოეულ წევრს – სამწვრთნელო შტაბიდან დაწყებული იმ ადამიანებით დამთავრებული, ვინც ჩვენ მხარს გვიჭერდა. თამაშს რაც შეეხება, ვიცოდით, რომ დღეს უნდა მოგვეგო, ჩემპიონები რომ გავმხდარიყავით. თსუ ისეთი გუნდია, შეცდომას არ გვაპატიებდა და შესაძლოა, მეორე წაგების შემთხვევაში სერიაში დავმარცხებულიყავით. თუმცა, ყველაფერი გავაკეთეთ, რომ მოგვეგო და ფუტსალის ლიგის ჩემპიონები გავხდით, რაც ძალიან სასიხარულოა. მადლობა ბიჭებს ბრძოლისა და თავდადებისათვის, რამაც განაპირობა ჩვენი გამარჯვება“, – ამბობს გიორგი ღავთაძე, რომელიც ფუტსალის ლიგის დასრულებული სეზონის საუკეთესო ბომბარდირი გახდა და ლიგის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.
შოთა ჭანუყვაძე, კსუ-ს მოთამაშე-მწვრთნელი: „სეზონი იყო ძალიან დაძაბული. სამ მოგებამდე საქართველოს ჩემპიონატის ფინალური სერია არასოდეს გაგრძელებულა. შეხვედრა ისე მიდიოდა, შესაძლებელი იყო, ანგარიში სერიაში 2:2 გამხდარიყო და მეხუთე მატჩი გამართულიყო. მაგრამ მე და მთავარმა მწვრთნელმა ლევან კობაიძემ ბიჭებს პირველი ეს ვთხოვეთ, რომ იქნებ ამ თამაშში ჩავდოთ ყველაფერი, რომ ეს დღე ჩვენს ახლობლებსა და გულშემატკივრებს ვაჩუქოთ-მეთქი და ბიჭებმა ეს შეძლეს“.
შეგახსენებთ, რომ ფინალურ სერიაში კსუ-მ თსუ 3:1 დაამარცხა და ლიგაში დაწინაურებული დებიუტანტი ოქროს მედლებს პირველად დაეუფლა.