კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი საქართველოს ჩემპიონია - ოქროს მედლები დებიუტანტმა მოიპოვა #1TVSPORT
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი საქართველოს ჩემპიონია - ოქროს მედლები დებიუტანტმა მოიპოვა #1TVSPORT

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (კსუ) თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ) ფუტსალის ლიგის ფინალურ სერიაში მესამედაც დაამარცხა და საქართველოს ჩემპიონი გახდა.

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გამართული მატჩამდე სერიაში ანგარიში კსუ-ს სასარგებლოდ იყო 2:1. ამიტომ თსუ-სთვის წაგება ჩემპიონის ტიტულთან გამომშვიდობებას ნიშნავდა.

მატჩი დაძაბული გამოდგა, მაგრამ უგოლო პირველი ნახევრის შემდეგ კსუ-მ მეორე ტაიმი შესანიშნავად ჩაატარა და მეტოქეს ოთხი უპასუხო გოლი გაუტანა. 23-ე წუთზე შოთა ჭანუყვაძის გადაცემით მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა კახა მაისაიამ კსუ დააწინაურა – 1:0. 25-ე წუთზე კსუ-ს უპირატესობა ნიკა ოთინაშვილმა გაზარდა – 2:0.

თამაშის გადასარჩენად და ტიტულის შესანარჩუნებლად, თსუ, ფაქტობრივად მთელ დარჩენილ დროში მეკარეს მეხუთე მოთამაშით ცვლიდა. ამით კსუ-მ კიდევ ერთხელ ისარგებლა – 33-ე წუთზე, კავკასიელთა მოთამაშე-მწვრთნელმა, ლევან კობაიძემ შეტევის ჩაჭრისთანავე საკუთარი ნახევრიდან მესამე გოლი გაიტანა – 3:0. 39-ე წუთზე ანალოგიური ჩემპიონატის გამორჩეულმა მოთამაშემ, გიორგი ღავთაძემ მოახერხა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

კავკასიელებმა გადამწყვეტი მატჩი დამაჯერებლად, 4:0 მოიგეს, რაც ფინალურ სერიაში გასამარჯვებლად საკმარისი გამოდგა (3:1) და ლევან კობაიძის გუნდი დიდი სენსაციის ავტორი გახდა – ლიგაში წელს გადმოსული დებიუტანტი ქვეყნის ჩემპიონი პირველად გახდა.