გიორგი გახელაძემ მოტოციკლით ზღვაზე 33კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა #1TVSPORT
„ვისოლის“ მხარდაჭერით გიორგი გახელაძემ მოტოციკლით ზღვაზე 33 კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა. 18 სექტემბერს, 11 საათზე რეკორდის აღსანიშნავად სასტუმრო „პულმანში“ პრესკონფერენცია გაიმართება, სადაც მსოფლიო რეკორდსმენი შესაძლებლობებითა და წინააღმდეგობებით სავსე გზას შეაფასებს და ახალ გეგმებს გააცნობს მსმენელებს.
გიორგი გახელაძე 2017 წლიდან დღემდე საქართველოს ენდურო ჩემპიონატების დაუმარცხებელი ჩემპიონია.
23 წლის გიორგი გახელაძე პირველი ქართველი ენდურო მოტომრბოლელია, რომელმაც წყალზე 33 კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა. გიორგიმ ენდუროს ტიპის სპეციალურად აღჭურვილი მოტოთი ქობულეთის ახალი ბულვარის მიმდებარე სანაპიროდან ფოთში, მალთაყვის სანაპირომდე 100 კმ/სთ-მდე სიჩქარით 33 კილომეტრი 33 წუთში გაიარა, ავსტრალიელი რაიდერის, რობი მედისონის შედეგი გააუმჯობესა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა. სიმბოლურია, რომ გიორგი გახელაძე ასპარეზობებში 33 ნომრით იღებს ყოველთვის მონაწილეობას.
2023 წლის საუკეთესო მოტოსპორტსმენმა საქართველოში პირველად „თბილისის ზღვა“ 80 კმ/სთ სიჩქარით 2023 წლის მაისში გადაკვეთა და მსოფლიოს სამ რაიდერს შორის მოხვდა, რომელთაც წყალზე შორი მანძილი დაფარეს.
შავი ზღვის 35 მეტრ სიღრმემდე წყალზე გიორგიმ პირველივე ცდაზე გაიარა და მიზნად ახალი მწვერვალების დაპყრობა დაისახა.