გიორგი გახარიამ თელავის მერობის კანდიდატი, ასევე კახეთის რეგიონის მაჟორიტარობისა და პარტიული სიის წევრები წარადგინა
გიორგი გახარიამ თელავის მერობის კანდიდატი, ასევე კახეთის რეგიონის მაჟორიტარობისა და პარტიული სიის წევრები წარადგინა

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარიამ დღეს კახეთში თელავის მერობის კანდიდატი გიგა ორკოდაშვილი, ასევე, თელავის, ახმეტის და ლაგოდეხის მაჟორიტარობის და სიის წევრები წარადგინა.

ამასთან, დღესვე, გიორგი გახარიამ კახეთში გურჯაანის, დედოფლისწყაროს, სიღნაღის და საგარეჯოს მაჟორიტარობის კანდიდატები და სიის წევრები წარადგინა.

„ახლა რასაც ვაკეთებთ, ვარღვევთ წრეს, ამას თავისი შეფასება ექნება, მე ამაში დარწმუნებული ვარ, ვიცი, რომ თითოეული თქვენგანი დარწმუნებულია, რომ სწორ და კეთილ საქმეს ემსახურება, მიუხედავად იმ წარმოუდგენელი წინააღმდეგობისა, რასაც ჩვენ გვიწევენ, მაგრამ, ჩვენ ყველა შემთხვევაში ჩვენი ღირსება უნდა შევინარჩუნოთ. ეს არის მთავარი! იმიტომ, რომ წინააღმდეგობები კიდევ ბევრი იქნება, ფაქტობრივად, ჩათვალეთ, რომ ჩვენ ახლა შევდივართ პროცესში, ნორმალური, ძლიერი, სამართლიანი და, რაც მთავარია, თანამედროვე სახელმწიფოს მშენებლობის და ეს არ არის მაღალფარდოვანი სიტყვები, მე მართლა მჯერა ამის. ამისი მჯერა და ვთვლი, რომ აი, ის 30 წელი, რომელზეც ჩვენ დავდივართ მოჯადოებულ წრეზე, ერთხელ და სამუდამოდ უნდა გავარღვიოთ.

ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვინმეს ვებრძვით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვერ ვხედავთ იმას, კარგი რაც გაკეთდა ბოლო წლების განმავლობაში. უბრალოდ, ჩვენი მიზანია, კარგი შევინარჩუნოთ და იმ კარგზე კიდევ ახალი დავაშენოთ. ხომ არ შეიძლება, რამდენი ამ ქვეყანაშ ხელისუფლება შეიცვლება, სახლის შენება დავიწყოთ ნულიდან – წინა დავანგრიოთ და დავიწყოთ ყოველ ჯერზე ფუნდამენტის თავიდან შენება, შეუძლებელია. ასე ქვეყნები, სახელმწიფოები ვერ ყალიბდებიან, ამიტომ ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ ყველაფერი კარგი, რაც იყო ჩვენამდე, რაშიც ჩვენც მიგვიღია ნაწილობრივ მონაწილეობა, შეცდომები, რომლებშიც, ასევე მიგვიღია მონაწილეობა, მთავარია, ყველაფერი კარგი შევინარჩუნოთ და ამაზე დავაშენოთ კიდევ უფრო უკეთესი და მეტი სართული“, – განაცხადა გიორგი გახარიამ კანდიდატების წარდგენისას.

დატოვე კომენტარი