პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარიამ პარტიის პოლიტსაბჭო წარადგინა.
გახარიას თქმით, პოლიტსაბჭოს წევრები არიან კეთილსინდისიერი, პროფესიონალი საჯარო მოხელეები.
„მინდა, წარმოგიდგინოთ პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრები. ბევრ მათგანს თქვენ იცნობთ, ესენი არიან კეთილსინდისიერი, პროფესიონალი საჯარო მოხელეები.
პროფესიონალიზმი კი, ხშირად წყნარ, მშვიდ და უხმაურო მუშაობას ნიშნავს. არიან ახალგაზრდები, რომლებიც პოლიტიკაში პირველ ნაბიჯს დგამენ და ეს არის ის ხალხი, რომლის კეთილსინდისიერებაც, ფასეულობებიც და, რაც მთავარია, მიზნებიც სრულად ემთხვევა იმ ღირსეულ მომავალს, რომელსაც ძლიერი ქართული სახელმწიფო იმსახურებს:
გიორგი ხოჯევანიშვილი – გიორგი გახლავთ საერთაშორისო სამართლის მაგისტრი და პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი. განათლება მიღებული აქვს, როგორც საქართველოში, ასევე ევროპაში. გიორგი გახლდათ შიდა ქართლის გუბერნატორი და მან რეგიონისთვის და ქვეყნისთვის ძალიან ბევრი კარგი საქმე გააკეთა;
ნათია მეზვრიშვილი – ნათიას ყველა კარგად იცნობთ, გამოცდილი იურისტი, რომელმაც განათლება ჯერ თბილისის სახელმწიფო უნივერსისტეტში, შემდგომ აშშ-ში მიიღო. ნათიას გამოვლილი აქვს გზა საჯარო სამსახურის რიგითი საფეხურიდან, მაღალ თანამდებობამდე და რაც მთავარია, მისი ხელმძღვანელობით მართლმსაჯულების და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში ქვეყნისთვის არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა გატარდა;
გიორგი შარაშიძე – ჟურნალ „ანტერპრენერის“ მთავარი რედაქტორი. გიორგი აქტიურად არის ჩართული სამეწარმეო სულისკვეთების განვითარებაში ქვეყანაში. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი. ბიზნეს განათლების და ინოვაციური განათლებების მხარდამჭერი და განმავითარებელი ქვეყანაში. გიორგიმ 21 წლის წინ დააფუძნა ინგლისურენოვანი გაზეთი „ჯორჯიან თუდეი“ და დღემდე წარმატებით აგრძელებს მედიაბიზნესში მოღვაწეობას, როგორც რამოდენიმე საერთაშორისო ბრენდული გამოცემის წარმომადგენელი საქართველოში. გიორგი მანჩესტერის ბიზნეს სკოლის, ბიზნეს ადმინისტრირების და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის საჯარო მმართველობის მაგისტრია;
კახაბერ ქემოკლიძე – კეთილსინდისიერი საჯარო მოხელე. ბევრი თქვენგანი იცნობს მას, როგორც უსაფრთხოების სფეროსა და საერთაშორისო პოლიტიკის გამორჩეულ პროფესიონალს და პრაქტიკოსს. ის არის უაღრესად კეთილსინდისიერი ადამიანი და საჯარო მოხელე. მრავალი წლის განმავლობაში ღირსეულად იცავდა ქვეყნის პოზიციებს ისეთ რთულ და მნიშვნელოვან ფლანგზე, როგორიცაა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები და ოკუპირებული ტერიტორიების მიმართულებით;
ანა ბუჩუკური – სამართალმცოდნე, დოქტორანტი, მეათე მოწვევის პარლამენტის წევრი. აქვს სამართალშემოქმედებისა და ადამიანის უფლებათა სფეროში მრავალწლიანი გამოცდილება. არის ჩვენი ყველაზე სწრაფად მზარდი ვარსკვლავი;
მიხეილ დაუშვილი – კორპორატიული სამართლის სპეციალისტი, კერძო და საჯარო სექტორში მუშაობის სერიოზული გამოცდილებით, მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი, ბიზნესომბუდსმენი, რომელმაც უაღრესად დიდი წვლილი შეიტანა პანდემიის პირობებში ბიზნესსა და სახელმწიფოს შორის სწორი, სწრაფი და ეფექტიანი კომუნიკაციის ნაწილში;
ბექა ლილუაშვილი – ჩვენი გუნდის ყველაზე დიდი წევრი. ბექა არის დღეს ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული მაკროეკონომისტი. მიუხედავად მისი ახალგაზრდა ასაკისა, ბექას აქვს უდიდესი გამოცდილება ქვეყნის მაკროეკონომიკური რისკების შეფასების, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის და ოპერატიულ დონეზეც. ის, როგორც ჩემი ეკონომიკური მრჩეველი ბოლო რამოდენიმე წლის განმავლობაში, სერიოზულად იყო ჩართული ქვეყნის მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებში;
რუსუდან თევზაძე – განათლების და კულტურის სფეროში თეორიული და პრაქტიკული მუშაობის მრავალწლიანი და მრავალმხრივი გამოცდილებით, მათ შორის შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში. რუსუდანს ასევე აქვს საერთაშორისო პროექტების მართვის სერიოზული და ძალზედ ეფექტური გამოცდილება;
ალექსანდრე მოწერელია – წარმატებული ბიზნესმენი, რომელმაც ქვეყნის და თავისი კუთხის სიყვარულით გადაწყვიტა საჯარო სექტორში შემოედგა ნაბიჯები. დიდი ხანია, ცდილობს, რომ დაგვისხლტეს ხელიდან, მაგრამ ჯერჯერობით არ გამოსდის არაფერი. უაღრესად კეთილსინდისიერი და ეფექტური მენეჯერი;
ბერდია სიჭინავა – გამოცდილი იურისტი, საჯარო სამსახურის კეთილსინდისიერების განსახიერება. ქვეყნის მსახურების ეტალონი და ერთ-ერთი ყველაზე კეთილსინდისიერი ახალგაზრდა ადამიანი, რომელიც ჩვენს გუნდში და ჩვენი გუნდიდან დღეს ემსახურება სამშობლოსა და სახელმწიფოს;
შალვა კერესელიძე – ეს კაცი გახლავთ პროფესიონალი საჯარო მოხელე 25 წელია, არსად სხვაგან არ უმსახურია. მხოლოდ სახელმწიფო სამსახურში, ყველაზე დაბალი პოზიციებიდან. მისი ბოლო სამსახური გახლდათ მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი. მთისა და მთის ხალხის უაღრესად დიდი ქომაგი. კეთილსინდისიერებისა და უმანკო მსახურების განსახიერება;
კოტე ანანიაშვილი – წლების განმავლობაში შსს-ში ღირსეული პოლიციელი, ღირსეულად ემსახურებოდა საქართველოს და სამშობლომაც ეს დაუფასა სულ რამოდენიმე დღის წინ, პრეზიდენტმა იგი დააჯილდოვა ღირსების ორდენით, სტრასბურგის სასამართლოში საქართველო-რუსეთის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილის გამო;
გიგა ფარულავა – სამართალმცოდნე. წლების განმავლობაში მუშაობდა საჯარო სამსახურში. ბოლოს იყო ქალაქ ზუგდიდის მერის მოადგილე. ადამიანი, რომელმაც ზედმიწევნით იცის თავისი კუთხის, თავისი რეგიონის მიმდინარე პრობლემები და ადამიანი, რომელმაც ადგილზე შრომით დაიმსახურა, რომ ჰქონდეს შესაძლებლობა ემსახუროს უკვე საქართველოს და არა მხოლოდ მის რეგიონს;
გიორგი გოგუაძე – საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი და ახალგაზრდა დოქტორანტი. გიორგი სხვადასხვა სფეროში, უსაფრთხოების საერთაშორისო ურთიერთობის სფეროებში დღეს კითხულობს ბევრგან ლექციებს, არის უაღრესად მაღალი დონის პროფესიონალი. მისი კომპეტენცია აღიარებულია მრავალმხრივ და ბევრ სხვადასხვა სფეროში. მაგრამ, რაც მთავარია, მიუხედავად ბევრი შესაძლებლობისა, გიორგის გამოარჩევს ღირსება, ღირსება, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ ემსახუროს სამშობლოს და სახელმწიფოს;
მე არ შემიძლია, პოლიტსაბჭოს გარდა, სცენაზე არ ვთხოვო იმ ადამიანებს, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული პარტიული მშენებლობის სხვადასხვა მიმართულებით და რომლებმაც ჩვენთან ერთად დიდი წვლილი და დიდი შრომა შეიტანეს იმისთვის, რომ ჩვენ შეგვძლებოდა შევმდგარიყავით და დაგვრჩენოდა ეს ამბიცია და ეს სითამამე, წავრმდგარიყავით თქვენ წინაშე და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების წინაშე: ლევან დოლიძე – ქართული დიპლომატიური კორპუსის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი; გიორგი აბაშიშვილი – რომელიც, სამწუხაროდ, ჯანმრთელობის მიზეზების გამო, დღეს ჩვენთან ერთად არ არის და მას განსაკუთრებით მივესალმებით; ეკატერინე ვეფხვაძე – ქალი წარმატების განსახიერება და ჩვენი ყველაზე დიდი შენაძენი; დავით ფარცვანია – ახალგაზრდა ეფექტური მენეჯერი; ასევე ლაშა მარკოზაშვილი, ტატა ხვედელიანი, გიორგი კიკნაველიძე და საბა ჯიქიძე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.