გიორგი გახარიამ ნიკოლ ფაშინიანს სომხეთის პირველი რესპუბლიკის დღე მიულოცა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ სომეხ კოლეგას, ნიკოლ ფაშინიანს პირველი რესპუბლიკის დღე მიულოცა. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის მთავრობის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედია წერს, რომ საქართველოს მთავრობის მეთაურმა სომხეთის პრემიერ-მინისტრს მისალოცი მიმართვა გაუგზავნა. სომხეთის მთავრობის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საქართველოსა და სომხეთს შორის მჭიდრო კავშირებს, ასევე ტრადიციულ, ძმურ და მეგობრულ ურთიერთობებს მაღალი შეფასება მისცა.
„ნება მომეცით, გულწრფელად მოგილოცოთ პირადად თქვენ და სომეხ ხალხს პირველი რესპუბლიკის დღე და გისურვოთ წარმატებები თქვენს საპასუხისმგებლო საქმიანობაში. ასევე მინდა, დავადასტურო ჩვენი დაუოკებელი მზადყოფნა, წვლილი შევიტანოთ ყველა იმ ძალისხმევაში, რომელიც მომავალში კიდევ უფრო გააძლიერებს არსებულ მეგობრულ კავშირებს ჩვენი ქვეყნებისა და ხალხის საკეთილდღეოდ“, – ნათქვამია მიმართვაში.