გიორგი გახარიამ დიდი ბრიტანეთის ელჩ ჯასტინ მაკკენზი სმიტთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ჯასტინ მაკკენზი სმიტმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ გამოსამშვიდობებელ შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებულ პარტნიორულ ურთიერთობებსა და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში არის აღნიშნული.
მხარეებმა განიხილეს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის ძირითადი საკითხები და ხაზი გაუსვეს ამ პროცესში გაერთიანებული სამეფოს როლს. აღინიშნა ქვეყნებს შორის წარმატებული თანამშრომლობა საქართველოში სტრატეგიული კომუნიკაციების შესაძლებლობების განვითარებისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებებით.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ჯასტინ მაკკენზი სმიტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა დიდი ბრიტანეთის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი. მთავრობის მეთაურმა გაერთიანებული სამეფოს ელჩს ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის გაღრმავებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.