გიორგი გახარიამ და კახა კალაძემ „ქართული ოცნების“ ღონისძიებაზე ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადეს

18:31, 14.12.2019

თავისუფლების მოედანზე, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ღონისძიებაზე „საქართველოს გზა ევროპისკენ“ სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და პარტიის გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების საკითხზე ისაუბრეს და მას მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადეს.

„უსამართლობაა, ადამიანი, ექიმი, რომელმაც გადაკვეთა საოკუპაციო ხაზი კეთილი ნებით, კეთილი სურვილებით, დღეს იყოს ასეთ მდგომარეობაში, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

გახარიას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ  არსებობენ ძალები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან საქართველოს ევროპულ გზას, ევროპულობა არის ჩვენი ქვეყნის წარსული, დღევანდელი დღე და მომავალი.

„ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ არიან ძალები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ჩვენს ევროპულ გზას. უსამართლობაა, ადამიანი, ექიმი, რომელმაც გადაკვეთა საოკუპაციო ხაზი კეთილი ნებით, კეთილი სურვილებით, დღეს, იყოს ასეთ მდგომარეობაში. მიუხედავად ამისა, ჩვენ ამას გავუძლებთ, გავაგრძელებთ გზას წინ და ჩვენი გზა იქნება საბოლოო გამარჯვება ევროპაში. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ჩვენი წარსული. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, საიდან მოვდივართ. ამიტომ, თითოეული ჩვენგანის ევროპული გზა უნდა ეყრდნობოდეს ჩვენს ტრადიციებს. კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ჩვენი გზა და ჩვენი ევროპულობა არის ჩვენი წარსული, ჩვენი დღევანდელი დღე და ჩვენი მომავალი. გილოცავთ დღევანდელ დღეს! ჩვენი ტრადიციებით, ჩვენი წარსულით, ჩვენი კულტურით, ჩვენი ტოლერანტობით, რწმენით და ეკლესიით – ჩვენი გზა და ჩვენი საბოლოო გამარჯვება ევროპაშია“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ამასთან, კალაძის თქმით, ევროპა ის სივრცეა, სადაც აფასებენ ადამიანს, როგორც ყველაზე ღირებულს, არ არღვევენ მის უფლებებს და არ იტაცებენ ექიმებს.

„ხშირად ისმის კითხვები, რატომ ევროპა, რატომ ვისწრაფით ევროპულ სივრცეში, არის კი საქართველო ევროპის ორგანული ნაწილი და საერთოდ, რა არის ევროპა ჩვენთვის. პირადად, ჩემთვის ევროპა ის სივრცეა, სადაც აფასებენ ადამიანს, როგორც ყველაზე ღირებულს, არ არღვევენ მის უფლებებს და არ იტაცებენ ექიმებს, თავისუფლება ვაჟა გაფრინდადვილს, ჩვენი მხარდაჭერა მას და მის ოჯახს“ ,- განაცხადა კახა კალაძემ.

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი უკვე ერთ თვეზე მეტია, ცხინვალის იზოლატორში პატიმრობაში იმყოფება. ექიმი 9 ნოემბერს დააკავეს.

ოკუპანტები ვაჟა გაფრინდაშვილს ე.წ. საზღვრის კვეთაში სდებენ ბრალს, თუმცა გაფრინდაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე საზღვრებს არ აღიარებს და შესაბამისად, არც ბრალს აღიარებს.

ოკუპირებულ ცხინვალში 13 დეკემბერს ვაჟა გაფრინდაშვილის ე.წ. სასამართლო პროცესი გაიმართა. ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობაში დატოვა.

მსგავსი