გიორგი გახარიამ და ევროპარლამენტის პრეზიდენტმა საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და ინსტიტუციური გაძლიერებისკენ მიმართულ რეფორმებზე ისაუბრეს
გიორგი გახარიამ და ევროპარლამენტის პრეზიდენტმა საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და ინსტიტუციური გაძლიერებისკენ მიმართულ რეფორმებზე ისაუბრეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ევროპარლამენტის პრეზიდენტ დავიდ-მარია სასოლის შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა განიხილეს საქართველოს ევროინტეგრაციის დღის წესრიგის მნიშვნელოვანი საკითხები და ხაზი გაუსვეს ამ მიმართულებით მიღწეულ პროგრესს. შეხვედრისას აღინიშნა საქართველოს წარმატება პანდემიასთან ბრძოლის მიმართულებით და ამ თვალსაზრისით, ხაზი გაესვა ევროკავშირის მიერ გაწეულ მნიშვნელოვან დახმარებას.

საუბარი შეეხო ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და ინსტიტუციური გაძლიერებისკენ მიმართულ რეფორმებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ბოლოდროინდელ საკონსტიტუციო ცვლილებას საარჩევნო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით, რაც მეტად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას გულისხმობს და კიდევ უფრო ზრდის ქვეყნის დემოკრატიზაციის ხარისხს.

ყურადღება დაეთმო 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ არჩევნები თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე გარემოში ჩატარდება. გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოს მთავრობა მიესალმება და იწვევს დამკვირვებლებს ევროპარლამენტიდან და სრულად უზრუნველყოფს მათ საქმიანობას უსაფრთხო გარემოში.

საუბარი შეეხო აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში ახალი ინიციატივების განხორციელების მნიშვნელობას, რადგან საქართველო, როგორც ასოცირებული პარტნიორი, იმსახურებს მიდგომას პრინციპით – „მეტი მეტისთვის“.

შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე, მიმდინარე ბორდერიზაციის პროცესსა და ჰუმანიტარულ სირთულეებზე, რაც აფერხებს განვითარებას. დავიდ-მარია სასოლიმ კიდევ ერთხელ დააფიქსირა ევროპარლამენტის უწყვეტი და მტკიცე მხარდაჭერა როგორც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ისე ქვეყნის ევროინტეგრაციისა და დემოკრატიული განვითარებისადმი.

ევროპარლამენტის პრეზიდენტთან შეხვედრის დასასრულს გიორგი გახარიამ ევროპარლამენტის საპატიო სტუმართა წიგნში სამახსოვრო ჩანაწერი გააკეთა.

დატოვე კომენტარი