გიორგი გახარიამ ბაღდათში პარტია „საქართველოსთვის“ ოფისი გახსნა
გიორგი გახარიამ ბაღდათში პარტია „საქართველოსთვის“ ოფისი გახსნა

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია რეგიონებში შეხვედრებს განაგრძობს. გახარიამ დღეს პარტია „საქართველოსთვის“ ახალი ოფისი ბაღდათში გახსნა.

„უკვე არსად ოფისს არ ვეძახი – ჩათვალეთ, რომ ეს ჩვენი ყველას სახლია და სახლია იმიტომ, რომ მართლა ისე იყოს, რომ თითოეულ თქვენგანს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, პრობლემა ექნებათ, იდეა ექნებათ, აქ მოსვლა შეეძლოთ. ჩვენ ძალიან უბრალო ხალხი ვართ და ყოველთვის ყველგან ასე ვიქცეოდით და ასე მოვიქცევით“, – მიმართა გახარიამ ბაღდათში შეკრებილ მხარდამჭერებს.

„ერთი რამე უნდა გვახსოვდეს: არ უნდა დაგვავიწყდეს, საიდან მოვდივართ! ბევრი ჩვენგანი მოვდივართ „ოცნებიდან“. იქ ბევრი ღირსეული მეგობარი დამრჩა და აქ ღირსება სიტყვა არის ძალიან მნიშვნელოვანი. რაც უნდა მოხდეს, როგორც უნდა გვეჩხუბონ, გაგვლანძღონ, რა ვიცი, რაც უნდა იკადრონ, ჩვენთვის ღირსება უნდა იყოს ყველაზე მნიშვნელოვანი“, – განაცხადა პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ.

გიორგი გახარიამ პარტიის პრინციპებად მხარდამჭერებს ღირსება, კეთილსინდისიერება და პროფესიონალიზმი წარუდგინა.

„სამი ძირითად პრინციპი უნდა გვქონდეს: ღირსება, კეთილსინდისიერება და, რა თქმა უნდა, პროფესიონალიზმი. ეს ის პრინციპები უნდა იყოს, რაზე დაყრდნობითაც ამ სახლში მაქსიმალური რაოდენობა ხალხი უნდა მოვიდეს და ეს ის პრინციპები უნდა იყოს, რაზე დაყრდნობითაც სიაც უნდა გავაკეთოთ და თქვენთან ერთად მერობის კანდიდატიც ამოვარჩიოთ – იმიტომ, რომ სხვანაირად ვერც მუნიციპალიტეტი და ვერც ქვეყანა წინ ვერ წავა. ერთი რამ უნდა იცოდეთ – ბაღდათის საკრებულოში ვინ იქნება ჩემი გადასაწყვეტი არ არის – თქვენი გადასაწყვეტია. მერი ვინ იქნება, ესეც თქვენი გადასაწყვეტია. ასე უნდა ვიმუშაოთ. ღირსება უნდა გვახსოვდეს ყოველთვის, არაფერი უფრო მნიშვნელოვანი არ არის. რა თქმა უნდა, კეთილსინდისიერება, იმიტომ რომ  კორუფციით და ნეპოტიზმით ქვეყანას ვერ ააშენებ, და, პროფესიონალიზმი – თუ ადამიანს ცოდნა არა აქვს, გამოცდილება არა აქვს და პროფესიონალიზმი არა აქვს, არაფერი არ გამოვა! მაგრამ პროფესიონალიზმი არაფერს არ მოგიტანს, ღირსებაზე თუ აიღო ადამიანმა ხელი“, – ამბობს გახარია.

პარტიის ლიდერმა ხაზი გაუსვა ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობასაც, თუმცა გამოცდილ და პროფესიონალ კადრებთან ერთად.

„ერთადერთი რაც უნდა გვახსოვდეს – მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ ახალგაზრდებს გავუღოთ და გავუხსნათ კარი. მარტო ახალგაზრდებიც ახლა სოფელს ვერ ააშენებენ – ამიტომ, გამოცდილი ხანდაზმული ერთი ადამიანი და სამი-ოთხი ახალგაზრდა. თუ ახალგაზრდებს არ ვასწავლეთ, არაფერი არ გამოვა. უნდა მოხდეს ეს ცვლილება – არ შეიძლება წლობით ერთი და იგივე ხალხს ვუყუროთ და ახალგაზრდებისგან იცვლებოდეს მუნიციპალიტეტი და მერე ქვეყანა“, – ამბობს გახარია.

გიორგი გახარიამ ქვეყნისა და მოქალაქეების რეალური საჭიროებიდან მიმდინარე პოლიტიკური დღის წესრიგის აცდენაზეც ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ მათი პარტია და მხარდამჭერები ამას არ უნდა აყვნენ.

„ჩხუბი, ჭორაობა, ლანძღვა, ცემა-ტყეპა, ეს ქაოსი და უბედურება, რაც ახლა ხშირად თბილისში და პარლამენტში ხდება – არ უნდა ხდებოდეს. ამისგან შორს უნდა ვიყოთ. ცუდია, როცა დღეს ტელევიზორს ჩართავ და მხოლოდ ერთმანეთი გინებაა – იქ ვიღაცამ ხელშეკრულებას ხელი მოაწერა, მერე ეს ხელმოწერა გააუქმა, ვიღაცა პარლამენტში შევიდა, ვიღაცა პარლამენტიდან გამოვიდა, ვიღაცა ქვეყანაში ჩამოდის – აი, ეს და  უკვე, არავის აღარ ახსოვს ადამიანი და ეს ბავშვები არავის აღარ ახსოვს. ქვეყანაში კოვიდი მძვინვარებს და არავინ არ იცის და ვერავინ ვერ გვეუბნება ხვალ და ზეგ რა იქნება. იმის მაგივრად, რომ იმაზე მსჯელობდნენ, რომ საზღვარზე ვინ შემოვუშვათ, როგორ შემოვუშვათ, აცრები როგორ გავხადოთ უფრო პოპულარული,  ადამიანი – ვისაც არ სჯერა, ის როგორ დავარწმუნოთ – ამის ნაცვლად აი, ესე ერთმანეთს ლანძღავენ. მაგრამ, ამისგან შორს უნდა ვიყოთ და იცოდეთ, რომ ერთ-ერთი მთავარი მიზანი აქვთ და ერთი სული აქვთ ამაში როდის ჩაგვითრევენ და არ უნდა შევყვეთ და წყნარად, მშვიდად საქმე ვაკეთოთ“, – განაცხადა პარტიის ლიდერმა.

გახარიას თქმით: „ზოგიერთმა ვერ გაიგო, მაგრამ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ – არავის წინააღმდეგ ჩვენ არაფერს არ ვაკეთებთ, არავის საწინააღმდეგოდ ეს პარტია არ შეგვიქმნია. ჩვენ ეს გავაკეთეთ და გადავდგით ნაბიჯი, პირველ რიგში, ამ ქვეყნისთვის და საქართველოსთვის, მომავლისთვის, აი, ამ ბავშვებისთვის“.

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ ადგილობრივი არჩევნების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ არჩევნების ადგილობრივი ხასიათის მიუხედავად საერთო სახელმწიფოებრივი პრობლემები ახლა აქტუალურად დგას. სახელმწიფოს გაძლიერებისა და კანონის უზენაესობის პრობლემების გადაჭრის გარეშე კი სხვა სახის – მაგალითად, ეკონომიკური პრობლემების გადაჭრა შეუძლებელია.

„ეს მუნიციპალური არჩევნებია. მაგრამ ქვეყანაში ისეთი პოლიტიკური გარემო შეიქმნა, სამწუხაროდ, რომ მარტო რეგიონალურ პრობლემაზე ვერ ვლაპარაკობთ. იმიტომ რომ სახელმწიფო თუ ძლიერი არ იქნა, წესრიგი თუ არ დამყარდა და კანონმა თუ არ იკანონა ვერც სამუშაოს ვერ შექმნი, ვერც ნორმალური ხელფასი იქნება, ვერც ფასებს ვერ გააჩერებ და ვერაფერს ვერ გააკეთებ. იმიტომ, რომ უცხოელები კი არ მოიტანენ, ქართველებიც წაიღებენ აქედან ფულს. ამიტომ, პირველი რაც უნდა გავაკეთოთ, ძლიერი სახელმწიფო გვჭირდება. კანონი უნდა იყოს კანონი ყველასთვის, არ უნდა არსებობდნენ ეს პრივილეგირებული ადამიანები, არ უნდა იყოს ნეპოტიზმი, ბიძაშვილი, მამიდაშვილი, მეზობელი, კლასელი და კიდევ ათასი უბედურება. პირველი რაც საქართველოს მოქალაქეებს უნდა ვანახოთ – ამ პრინციპით უნდა შევქმნათ და შევადგინოთ სიაც და მერობის კანდიდატიც. ვისაც გადავწყვეტთ ის იქნება, ერთ ადამიანზე მე არ ვიტყვი ეს უნდა იყოს-მეთქი. ამიტომ ეს პასუხისმგებლობა ყველამ უნდა გადავინაწილოთ და თქვენი გადასაწყვეტია და სხვისი არავის. ჩათვალეთ, რომ ამ სახლის კარები ღიაა. ვინც რა არ უნდა გვაკადროს, მოდი ჩვენ მოვიქცეთ ისე როგორც ჩვენს კულტურას, ღირსებას და წინაპრებს შეეფერება. არ არის ეს ქვეყანა დიდი – კეთილსინდისიერი, კონცენტრირებული შრომა და წელიწადში – წელიწად-ნახევარში ყველაფერს ხელი დაეტყობა. ჩათვალეთ, რომ აქაც ხშირად ვიქნები, თქვენთან ერთად უნდა გავაკეთოთ ეს სია და ღირსეული პროფესიონალი ახალგაზრდები და ძველგაზრდებიც უნდა მოვიყვანოთ ჯერ საკრებულოში და მერე თბილისშიც და მთავრობაში“, – ამბობს გახარია.