გიორგი გახარია ზუგდიდში სტიქიისგან დაზარალებულ დევნილებს შეხვდა [ფოტო]
გიორგი გახარია ზუგდიდში სტიქიისგან დაზარალებულ დევნილებს შეხვდა [ფოტო]

ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია სამეგრელოს რეგიონში იმყოფება, სადაც სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ეცნობა. როგორც პირველი არხის კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, გიორგი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოქტომბერში სტიქიისგან დაზარალებულ დევნილებს შეხვდა. მათ საცხოვრებელ კორპუსს ძლიერმა ქარმა სახურავი გადახადა.

„ყველაზე მძიმე მდგომარეობა არის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოქტომბერში. სტიქიამ სამწუხაროდ დააზარალა დევნილების კომპაქტურად განსახლების ზონები და საცხოვრებელი სახლები. ჩვენ ვეცდებით, დროებით წვიმისგან დავიცვათ ეს ხალხი. უახლოეს პერიოდში დაიწყება სარემონტო სამუშაოები და ყველაფერი კონტროლზე აყვანილი, რომ ეს დროში არ გაიწელოს და ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს სტიქიით გამოწვეული დამატებითი პრობლემები არ შეექმნათ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ბოლო მონაცემებით, 20-ზე მეტი კერძო საცხოვრებელი სახლი, დევნილთა ოთხი საერთო საცხოვრებელი და ოთხი საჯარო სკოლა, ასევე განმუხურში მდებარე ამფითეატრი მნიშვნელოვნად დაზიანდა. სტიქიამ ასევე დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა სოფლების უმეტესობას. ადგილზე „ენერგო-პრო ჯორჯიას“ წარმომადგენლები მუშაობენ. შესაბამისი სამუშაოების შემდეგ, ამჟამად ელექტროენერგიის მიწოდება 20-ზე მეტ სოფელშია აღდგენილი.

სტიქიამ მოგლიჯა მრავალწლოვანი ხეები და გარე განათების ბოძები. მერიის სამსახურების თანამშრომლები სტიქიის ზონებში მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ და სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ქარის მიერ მიყენებულ ზარალს სპეციალური კომისია სწავლობს. სტიქიასთან დაკავშირებით ზუგდიდის მერიაში მოქმედებს „ცხელი ხაზი“.

გიორგი გახარია ზუგდიდის მერე ფოთს მოინახულებს, რომელიც სტიქიის შედეგად ასევე დაზარალდა.