გიორგი გახარია სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მცხოვრებ სპორტსმენებს შეხვდა
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში რეგიონში მცხოვრებ სპორტსმენებს შეხვდა. ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.
ძალოსნობაში, კარატესა და კიკბოქსინგში ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონებმა სპორტში მიღწეულ წარმატებებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს. შეხვედრას ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია და მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სპორტსმენების თქმით, შეხვედრაზე წარმოდგენილ ახალგაზრდებს დიდი პერსპექტივა აქვთ, ქვეყანა ბევრჯერ ასახელონ, თუ სპორტული ინფრასტრუქტურა კიდევ უფრო გაუმჯობესდება, კვალიფიციური მწვრთნელები იმუშავებენ მათთან და ჩემპიონატებზე წარდგენის მიზნით ხელს შეუწყობენ.
„ვამაყობ, რომ ამდენი წარმატებული სპორტსმენი ჰყავს ჩვენ რეგიონს. მინდა, დაგარწმუნოთ, რომ ყველა არსებულ და შესაძლო რესურსს გამოვიყენებთ სპორტის ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის. აღსანიშნავია, რომ მოსახლეობის ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვის პროცესშიც უმნიშვნელოვანესი როლი გაქვთ. მზად ვარ, ვითანამშრომლოთ“, – განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.