გიორგი გახარია - ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ქვეყნებს შორის სტრატეგიული ურთიერთობა სისტემურად ფუნდამენტზე ყალიბდება და არა პოლიტიკურად ანგაჟირებული ლობისტების წერილზე
გიორგი გახარია - ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ქვეყნებს შორის სტრატეგიული ურთიერთობა სისტემურად ფუნდამენტზე ყალიბდება და არა პოლიტიკურად ანგაჟირებული ლობისტების წერილზე

ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ქვეყნებს შორის სტრატეგიული ურთიერთობა სისტემურად ფუნდამენტზე ყალიბდება და არა პოლიტიკურად ანგაჟირებული ლობისტების წერილზე, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ოთხი კონგრესმენის წერილს.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, ვერანაირი, თუნდაც საერთაშორისო და სტრატეგიული პარტნიორებისგან დარეგისტრირებული კომპანიები, რომლებთანაც არბიტრაჟში საქართველომ დავა უკვე მოიგო, ვერც ერთ შემთხვევაში ქვეყნებს შორის სტრატეგიულ ურთიერთობებს რისკის ქვეშ ვერ დააყენებენ.

„ერთადერთი ფაქტი, რაც ამ წერილიდან არის, არის კონკრეტული კომპანია, რომელიც კონკრეტული საარბიტრაჟო პროცესის შედეგად კონკრეტულ არბიტრაჟში დამარცხდა. საბოლოოდ. ეს არის ამ ყველაფრის უკან. ერთი რამ იცოდეთ, ვერანაირი, თუნდაც საერთაშორისო ან ჩვენი მეგობრების, სტრატეგიული პარტნიორებისგან დარეგისტრირებული კომპანიები, რომლებთანაც არბიტრაჟში ჩვენ დავა უკვე მოვიგეთ, ვერც ერთ შემთხვევაში ქვეყნებს შორის სტრატეგიულ ურთიერთობებს რისკის ქვეშ ვერ დააყენებენ,  ვერც შიდა უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები და ოპოზიცია, ამის გამოყენება რანაირადაც არ უნდა სცადონ. საქართველო არის ის ქვეყანა, რომელმაც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში უკიდურესად გააღრმავა ევროატლანტიკური მიმართულებით კოოპერირება. დღეს ნატო-სთან ჩვენი თანამშრომლობა არის ისეთ დონეზე, როგორიც არ ყოფილა არასოდეს. დღეს ავღანეთში ვართ წარმოდგენილი ისე, როგორც არ არის წარმოდგენილი დასავლეთ ევროპული და დასავლეთის ჩვენი ზომის არც ერთი ქვეყანა. შესაბამისად, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ქვეყნებს შორის სტრატეგიული ურთიერთობა სისტემურად ამ ფუნდამენტზე ყალიბდება და არა პოლიტიკურად ანგაჟირებული ლობისტების წერილზე. საქართველო იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან ერთად, 2013 წლიდან ირანისთვის სანქციების დაწესების პირობებში გადადგა ქვეყნის ეკონომიკისთვის უკიდურესად მძიმე ნაბიჯები. სწორედ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის თხოვნით და ინტერესების გათვალისწინებით, მაშინ უნდა უბრალოდ დაინტერესდეთ თქვენ, მე რომ კითხვას მისვამთ და უნდა დათვალოთ, რამდენი ანგარიშები იყო გაუქმებული, რა ნაბიჯები გადადგა იუსტიციის სამინისტრომ, ეროვნულმა ბანკმა, მთავრობამ და ასე შემდეგ. ამ ჭორებს თავი უნდა დაანებოთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.