გიორგი გახარია - ყველამ ერთად უნდა შევძლოთ, რომ ღირსეულად ვარჩინოთ ჩვენი ოჯახები, გავაძლიეროთ სოფელი, ქალაქი და ქვეყანა
გიორგი გახარია - ყველამ ერთად უნდა შევძლოთ, რომ ღირსეულად ვარჩინოთ ჩვენი ოჯახები, გავაძლიეროთ სოფელი, ქალაქი და ქვეყანა

ყველამ ერთად უნდა შევძლოთ რომ ღირსეულად ვარჩინოთ ჩვენი ოჯახები, გავაძლიეროთ სოფელი, ქალაქი და ქვეყანა, – ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ზუგდიდში „თხილობა 2020“-ზე მისულ მოქალაქეებს.

პრემიერის თქმით, მიუხედავად ყველაფრისა, ხელისუფლებამ სოფლის მეურნეობას მეტი ყურადღება უნდა მივაქციოს.

„ამ ქვეყანას მარტივად შეუძლია კარგი მუშაობით თხილის ექსპორტი გააორმაგოს. ჩვენ 100 ათასი ტონა ხარისხიანი თხილი უნდა მოვიყვანოთ. ამისთვის ბაღებია გასაშენებელი, მაგრამ ყველაზე მთავარი არის ის, რომ
უფრო ეფექტურად უნდა გავზარდოთ ჰექტარზე მოსავალი. ამისთვის გვჭირდება ცოდნა და ტექნოლოგიები. მინდა მადლობა გადავუხადო ასოციაციას დღევანდელი ღონისძიებისთვის. როგორც ვიცი, ასოციაციას დღეს 25 ათასი წევრი ჰყავს და მინდა გითხრათ, რომ არც ერთ რეგიონში, არც ერთ დარგში ისეთი ორგანიზებული ასოციაცია, როგორიც არის მეთხილეობაში, არ არის. მეთხილეობაში კოოპერირება და ასოციაციის მუშაობა იყო ძალიან ეფექტური და ეს ასეც უნდა გაგრძელდეს. საბოლოო ჯამში, აქ ყველა უნდა შევთანხმდეთ თამაშის წესებზე – უნდა ვიცოდეთ, რომ სისტემური ცვლილებები, რეფორმები არის სახელმწიფოს გასატარებელი. სახელმწიფო უნდა დაუდგეს თითოეულ ფერმერს გვერდით, ფერმერმა კი თავისი კეთილსინდისიერი და ეფექტიანი შრომით, ყველამ ერთად უნდა შევძლოთ რომ ღირსეულად ვარჩინოთ ჩვენი ოჯახები, გავაძლიეროთ სოფელი, ქალაქი და ქვეყანა. ეს არის ჩვენი მიზანი და ამისთვის ყველამ ერთად უნდა ვიშრომოთ. ისე, როგორც ვშრომობდით თხილის სექტორში ბოლო 3-4 წლის განმავლობაში. უნდა გვესმოდეს, რომ მიუხედავად ყველაფრისა, სოფლის მეურნეობას უფრო მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ. ეს ნათლად გამოჩნდა პანდემიის დროს, როდესაც ელემენტარული, პირველადი მოთხოვნის პროდუქტების იმპორტი ქვეყანაში სისტემური პრობლემა გახდა. დღეს, ერთობლივი მუშაობის შედეგად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მიუხედავად პანდემიისა, ქვეყნიდან სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ექსპორტი იზრდება. თხილიც თავის ნიშას დაიკავებს“, – განაცხადა გახარიამ.

პრემიერმა მოსახლეობას მოუწოდა, ადგილობრივ ხელისუფლებას მეტი აქტიურობა მოსთხოვონ.

რაც მთავარია, მინდა გისურვოთ მშვიდობა, ყოველდღიური შრომის ეფექტიანი შედეგი გვენახოს თითოეულ ჩვენგანს. არაფერია, უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე კეთილსინდისიერი შრომით მიღებული შემოსავალი და შემდეგ სიამაყის გრძნობა. სახელმწიფო, ადგილობრივი ხელისუფლება, სამინისტრო, ჩათვალეთ რომ სრულ მსახურებაში უნდა იყვნენ თქვენთან. დღეს ვეუბნებოდი ფერმერებს, თუ ხედავთ რომ ადგილობრივი ხელისუფლება არ აქტიურობს, მოკიდეთ ხელი და შეაჯანჯღარეთ, იმიტომ რომ არაფერი იმაზე ღირსეული არ არის რომ რიგით ადამიანს ემსახურო“, – განაცხადა გახარიამ.