გიორგი გახარია - ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქართველო იყოს განხილვის თემა, როდესაც ჩვენი მეგობრები ევროპის მომავალზე ისაუბრებენ
გიორგი გახარია - ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქართველო იყოს განხილვის თემა, როდესაც ჩვენი მეგობრები ევროპის მომავალზე ისაუბრებენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, დავოსში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ევროპის ახალ შესაძლებლობებსა და პერსპექტივებს დაეთმო.

გახარიამ სიტყვით გამოსვლის დროს რამდენიმე ასპექტზე გაამახვილა ყურადღება. კერძოდ, გიორგი გახარიას თქმით, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დავოსში იმყოფება, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი.

ამასთან,  გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფება შემდგარი ფაქტია და ეს არჩევანი ქვეყნის მოსახლეობამ გააკეთა.

გიორგი გახარიამ ევროკავშირთან ურთიერთობაში ბოლო ხუთი წლის განმავლობაში არსებულ ხელშესახებ შედეგებზე გაამახვილა ყურადღება.

მისი თქმით, ესაა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე, ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება და უვიზო მიმოსვლა.

„უპირველეს ყოვლისა, ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ჩემთვის დიდი პატივია აქ ყოფნა და ამ ძალიან მნიშვნელოვან განხილვებში მონაწილეობა. რამდენიმე ასპექტს მინდა გავუსვა ხაზი: უპირველეს ყოვლისა აქ ვიმყოფები, როგორც იმ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრია და ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მეორე ფაქტორი ის გახლავთ, რომ საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფება შემდგარი ფაქტია. ეს არჩევანი ჩვენმა მოქალაქეებმა გააკეთეს. ბოლოდროინდელი სოციოლოგიური გამოკითხვების თანახმად, ქვეყნის მოსახლეობის 70 პროცენტზე მეტი მხარს უჭერს ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში რეალური და ძალიან ხელშესახები შედეგები გაგვაჩნია: ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე, თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება ევროკავშირთან და უვიზო მიმოსვლა“ ,- განაცხად გახარიამ.

თუმცა, პრემიერის განცხადებით, არსებობს გამოწვევები უსაფრთხოებისა და ეკონომიკის სფეროებში.

„უპირველეს ყოვლისა, როდესაც საუბარია ეკონომიკაზე და როდესაც ვფიქრობთ ამ მიღწევების ყველა მოქალაქემდე დაყვანაზე, რათა ქვეყნის რიგითმა მოქალაქეებმა რეალური სარგებელი მიიღონ, დაკავშირებადობის ნაწილში რეალურ პრობლემას ვაწყდებით. ეს არის ჩვენი პირველი რიგის პრიორიტეტი. საქართველოს კარიბჭედ მივიჩნევთ ევროპისა და ცენტრალური აზიისთვის. როდესაც საუბარი გვაქვს ეკონომიკურ პოლიტიკაზე, დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყანათა ტვირთბრუნვისთვის პლატფორმად მოვიაზრებთ საქართველოს. სრულად ვაცნობიერებთ და გვესმის, რომ საქართველოს ეკონომიკაში ინვესტიციები ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას გულისხმობს. როდესაც საუბარია უსაფრთხოებაზე, რა თქმა უნდა პრობლემებს ვხედავთ შავ ზღვაში. შავი ზღვა უპირველესი პრიორიტეტია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსისთვისაც. ეს ჩვენთვის ახალი განზომილებაა“ ,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

ამასთან, გახარიას თქმით, ხელისუფლება საქართველოს როლს დასავლეთის პარტნიორად ხედავს. სიტყვით გამოსვლისას, პრემიერმა შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების მნიშვნელობაზე და ამ კუთხით თანამშრომლობაზეც ისაუბრა.

გიორგი გახარიამ ასევე, აღნიშნა, რომ საქართველოს ევროკავშირთან მეტი თანამშრომლობა სჭირდება.

„ამ შემთხვევაში, როდესაც საუბარია ევროპასა და საქართველოს შორის სამომავლო ურთიერთობებზე, რა თქმა უნდა გვესმის, რომ ძალიან მნიშვნელოვანი როლის თამაში შეგვიძლია უსაფრთხოების ნაწილში. როდესაც უსაფრთხოებაზე ვსაუბრობთ, თანამშრომლობას ვგულისხმობთ შავი ზღვის უსაფრთხოების ნაწილში. ყირიმის ამბების შემდეგ გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების საკითხი. მეორეს მხრივ, როდესაც საუბარი გვაქვს ეკონომიკაზე, მეტი თანამშრომლობა გვჭირდება ევროკავშირთან და ამისთვის მეტი აქცენტი უნდა გავაკეთოთ დაკავშირებადობაზე. როდესაც ქვეყანაში ძლიერი საკანონმდებლო ჩარჩო არსებობს, მაგალითად, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე, მაგრამ სახმელეთო საზღვარი არ გვაქვს ევროკავშირთან, ეს რეალურ პრობლემებს ქმნის და ეს ის გამოწვევაა, რომელიც უნდა გადაიჭრას. ეს არის ჩვენი მიზანი მომდევნო წლების განმავლობაში და მას შავ ზღვაზე დაკავშირებადობის გაზრდის საშუალებით მოვახერხებთ“ ,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერის განცხადებით, ევროკავშირისა და ნატო-ს წევრობა ერთადერთი გარანტიაა საქართველოს უსაფრთხოებისთვის და საქართველო მზად არის, „საშინაო დავალება“ შეასრულოს.

„სრულად ვაცნობიერებთ იმ ფაქტს, რომ რეალური პოლიტიკური საკითხების განხილვის ისეთი საშუალება არ გვაქვს, რაც ორგანიზაციის წევრობა ან ურთიერთობის გაღრმავებაა, მაგრამ ჩვენის მხრივ მზად ვართ, ჩვენი საშინაო დავალება გავაკეთოთ. მიგვაჩნია, ეს არის ჩვენი ქვეყნის შანსი, რომ ევროკავშირს დაუახლოვდეს. ჩვენთვის ევროკავშირში და ნატო-ში წევრობა ერთადერთი გარანტიაა ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. ასე ვხედავთ საქართველოში ევროპასთან თანამშრომლობის პერსპექტივას. რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქართველო ყოველთვის იყოს განხილვის თემა, როდესაც თქვენ – ჩვენი მეგობრები, ევროპის მომავალზე ისაუბრებთ“ ,- განაცხადა გიორგი გახარიამ.