გიორგი გახარია - ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ცალკეული ევროპული ქალაქებიდან საქართველოს მოქალაქეები გამოვიყვანოთ
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და ჩვენი დიპლომატიური კორპუსი მუშაობს ეფექტურად, მათი ძირითადი ამოცანა ევროპის ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეების იდენტიფიცირება და მათი ყოველდღიური პრობლემებით დაინტერესებაა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, იმისთვის, რომ ცალკეული ევროპული ქალაქებიდან საქართველოს მოქალაქეების გამოყვანა მოხდეს, მთავრობა ეროვნულ გადამზიდავ ავიაკომპანიასთან თანამშრომლობს.
„დღეის მდგომარეობით ყველა ამ ქვეყანაში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და ჩვენი დიპლომატიური კორპუსი მუშაობს ეფექტურად. მათი ძირითადი ამოცანა ამ ხალხის იდენტიფიცირება და მათ ყოველდღიური პრობლემებით დაინტერესებაა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მოხდეს ამ ხალხის კონსოლიდირებულად, ცალკეული ევროპული ქალაქებიდან გამოყვანა, ჩვენ ამისთვის ვთანამშრომლობთ ეროვნულ გადამზიდავ ავიაკომპანიასთან. ყველას წარმოგვიდგენია რას ნიშნავს გლობალური ავიაკომპანიების მიერ რეისების, ფრენების შეჩერება. ეს ნიშნავს იმას, რომ ბევრ ჩვენს მოქალაქეს, რომელიც უცხოეთში იყო, უბრალოდ ფიზიკურად ეზღუდება შესაძლებლობა სამშობლოში დაბრუნდეს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერ-მინისტრის თქმით, იქ, სადაც ფიზიკური შესაძლებლობა იქნება, დამატებითი ჩარტერული რეისების დანიშვნა იგეგმება.