გიორგი გახარია - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ წყნარად, მშვიდად, საქმიანად, ლანძღვა-გინების გარეშე, მონაწილეობა მივიღოთ არჩევნებში, გავიმარჯვოთ და ადამიანებს შევუსრულოთ ყველა დაპირება
გიორგი გახარია - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ წყნარად, მშვიდად, საქმიანად, ლანძღვა-გინების გარეშე, მონაწილეობა მივიღოთ არჩევნებში, გავიმარჯვოთ და ადამიანებს შევუსრულოთ ყველა დაპირება

ბათუმის, გორისა და ზუგდიდის შემდგომ გიორგი გახარიამ პარტია „საქართველოსთვის“ პირველი ოფისი ფოთში გახსნა.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, ფოთში, ისევე როგორც მთელ ქვეყანაში, ძალიან ბევრი პრობლემაა, რომლის მოსაგვარებლად, საჭიროა წესრიგი, ქაოსი უნდა დამთავრდეს, ერთმანეთის ლანძღვა-გინება, ყოველდღიური გაურკვეველი მიზეზებით თუ უმიზეზოდ მიტინგები, ქუჩაში სირბილი და ბევრი რამ.

„ჩვენს მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა წყნარ, მშვიდ, თანაბარ გარემოში ღირსეულად, კეთილსინდისიერად იშრომონ და არჩინონ თავიანთი ოჯახები. ფოთი ქართული ეკონომიკის ძალიან დიდი ნაწილია, თუმცა ქალაქში ბევრი რამ არ რჩება და ეს არის გამოსასწორებელი. ეს ყველაფერი ერთად უნდა გავაკეთოთ. ფოთს განვითარება პირდაპირ უნდა იყოს დაკავშირებული პორტთან. მოგეხსენებათ, რომ პორტი ახლა ფართოვდება. ამ გაფართოების შეთანხმების როგორღაც მიღწევას ბევრი შრომა დასჭირდა. იმედი მაქვს, ეს პროექტი ბოლომდე მივა, რადგან ფოთი უნდა განვითარდეს როგორც საზღვაო-სატრანსპორტო-საჰაერო ლოგისტიკური ცენტრი.

აუცილებლად უნდა ვიფიქროთ ფოთის აეროპორტზე სატვირთო ნაწილში, რადგან ტვირთები ფოთისთვის არის უაღრესად მნიშვნელოვანი და საერთოდ უნდა ვიფიქროთ, რომ ჩვენი რეგიონალური მართვა ცოტა შეიცვალოს, ცოტა უფრო დეცენტრალიზაციისკენ წავიდეს და ადგილზე წყდებოდეს ბევრი რამ.

კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, ჩვენ არავის წინააღმდეგ არ ვართ და არ ვიქნებით, ეს არის აუცილებელი ამ ქვეყნისთვის. უნდა ვიყოთ ჩვენი ქვეყნის, სამშობლოს, რეგიონისა და ფოთის მომავლისთვის. ვიშრომოთ ამისთვის. ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს პრივილეგირებული კასტები, ყველას უნდა გვქონდეს თანაბარი პირობები, თანაბარი ურთიერთობები, უნდა დასრულდეს კორუფციული საკითხები. მაქსიმალურად გზა უნდა გავუხსნათ ახალგაზრდებს. ამ ხალხის ხელშია ჩვენი მომავლის ცვლილება“, – აცხადებს გახარია.

მისივე თქმით, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ წყნარად, მშვიდად , ყველანაირი ისტერიკის , ლანძღვა-გინების გარეშე, საქმიანად, ყოველდღიური შრომით.

„ჯერ უნდა შევქმნათ და გავხსნათ პარტიის ოფისი, შემდეგ უნდა მივიღოთ მონაწილეობა არჩევნებში, შემდეგ უნდა გავიმარჯვოთ ამ არჩევნებში და შემდგომ ადამიანებს შევუსრულოთ უნდა ყველა ის დაპირება, რომელსაც გავცემთ. მძიმე და ცუდი ის არის, რომ სამწუხაროდ ამ ქალაქშიც, ამ ქვეყანაშიც არ მეგულება და არ ვიცი დაპირება, რომელიც გაცემული არ არის . ყველა დაპირება უკვე გაცემულია დიდი ხანია, ერთადერთი რაც ახლა გასაკეთებელია, უნდა ვიშრომოთ მათ შესასრულებლად. ჩვენ ამისთვის მზად ვართ, ჩვენ ეს ვიცით, ჩვენ ეს გაგვიკეთებია. ძალიან კარგად გვესმის ყოველდღიური, კეთილსინდისიერი შრომის ფასი, რათა ქვეყანა წავიდეს წინ. ამას გავაკეთებთ და ამას ვაჩვენებთ ყველას, როგორ შეიძლება ემსახურო შენს ქვეყანას, შენს რეგიონს, შენს ქალაქს კეთილსინდისიერად ისე, რომ შენი მოქალაქეები იყვნენ კმაყოფილი და მათი ჩართულობაც ყოველდღიური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში იყოს მაღალი“, – განაცხადა გახარიამ.