გიორგი გახარია - წელს ეკონომიკურ ზრდას მინუს 4 პროცენტზე ვპროგნოზირებთ, მომავალი წლის ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი 4 პროცენტია, ხოლო 2022 წლის, დაახლოებით 6 პროცენტი
გიორგი გახარია - წელს ეკონომიკურ ზრდას მინუს 4 პროცენტზე ვპროგნოზირებთ, მომავალი წლის ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი 4 პროცენტია, ხოლო 2022 წლის, დაახლოებით 6 პროცენტი

საქართველო იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც დაიწყო და დაასრულა მოლაპარაკებები საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, შეათანხმა კრიზისში სავალუტო ფონდთან ახალი პროგრამა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ  მთავრობის ადმინისტრაციაში, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე განაცხადა, რომელზეც ანტიკრიზისული ბიუჯეტის პრეზენტაცია გაიმართა.

მისი თქმით, ბიუჯეტის პარამეტრები, რომელიც დღეს იქნება წარდგენილი, ასევე შეთანხმებულია სავალუტო ფონდთან.

„ამ პარამეტრებით ჩვენ ვპროგნოზირებთ ეკონომიკურ ზრდას მინუს 4 პროცენტს, საშემოსავლო ნაწილში გვაკლდება ბიუჯეტში 1.8 მლრდ ლარი. ყველა მიმდინარე და კაპიტალური ხარჯების თვალსაზრისით, ბიუჯეტში შემცირდება ხარჯები დაახლოებით 600 მლნ ლარით და ბიუჯეტის დეფიციტი ამ პარამეტრებით, საპროგნოზო, იქნება დაახლოებით 8.5 პროცენტი. ეს არის ძირითადი პარამეტრები ბიუჯეტის, რომელზეც დღეს ფინანსთა სამინისტრო ისაუბრებს და წარმოგვიდგენს“, – განაცხადა პრემიერმა.

ამასთან, მისი თქმით, საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც შეძლებს ანტიკრიზისულ სწრაფ აღდგენას.

„ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობით, ვპროგნოზირებთ, რომ საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც შეძლებს ანტიკრიზისულ სწრაფ აღდგენას. მომავალი წლის ეკონომიკური გეგმა, საპროგნოზო მაჩვენებლები არის 4 პროცენტი, ხოლო 2022 წლის საპროგნოზო მაჩვენებლები ეკონომიკური ზრდის, რომელიც ასევე საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეთანხმებულია, გახლავთ დაახლოებით 6 პროცენტი“, – განაცხადა პრემიერმა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, გასათვალსიწინებელია, რომ ეს არის პროგნოზი.

„ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ყველაფერი არის პროგნოზი და დღევანდელი გლობალური კრიზისის ყველაზე დიდი გამოწვევა, როგორც უკვე აღვნიშნე, გახლავთ არაპროგნოზირებადობა. ამიტომ, ჩვენ ყველანი, როგორც ეპიდემიოლოგიური, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით, მზად უნდა ვიყოთ ყველა სახის მოულოდნელი გამოწვევისთვის და სწორედ ეს გვკარნახობს, რომ მწირი რესურსი, რომელიც ქვეყანას გააჩნია, იყოს ძალზედ ფრთხილად გამოყენებული, მაქსიმალურად გონივრულად და სამართლიანად“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ.