გიორგი გახარია - ვამზადებთ დამატებით ღონისძიებებს, როგორც ბიზნესის მხარდაჭერის, ასევე ჩვენი მოქალაქეების სოციალური მხარდაჭერის თვალსაზრისით
ვამზადებთ დამატებით ღონისძიებებს, როგორც ბიზნესის მხარდაჭერის, ასევე ჩვენი მოქალაქეების სოციალური მხარდაჭერის თვალსაზრისით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ „იმედის“ ეთერში განაცხადა.
„ჩვენი ეკონომიკის ძირითადი გამოწვევები, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, იყო გლობალური პანდემია, გლობალური ეკონომიკური კრიზისი, თუმცა ჩვენ აღდგენის პროცესი დაწყებული გვქონდა და საკმაოდ კარგად მივდიოდით, ამას დაემატა რამდენიმე ახალი მდგენელი. ეს ცნობილია, რეგიონში კონფლიქტი, რომელიც გაურკვევლობის ხარისხს კიდევ უფრო ზრდის და რა თქმა უნდა, ახლა ეს პოლიტიკური ტურბულენტობა, რომელიც ჩვენი ყველას ერთობლივი ამოცანაა, რაც შეიძლება სწრაფად დავასრულოთ, რომ ეკონომიკაში მეტი სტაბილურობა შემოვიტანოთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
მისივე თქმით, დღეს ჰქონდა შეხვედრა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელებთან, საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური პროცესების, გამოწვევების შეფასების და მათზე პასუხის თვალსაზრისით.
„მინდა, გითხრათ, რომ გამოწვევები იქნება მართლაც სერიოზული, განსაკუთრებით წლის ბოლომდე. ჩვენ ვამზადებთ ახლა დამატებით ღონისძიებებს, როგორც ბიზნესის მხარდაჭერის თვალსაზრისით, ასევე ჩვენი მოქალაქეების სოციალური მხარდაჭერის თვალსაზრისით. აქტიურად ვმუშაობთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან. ჩვენი გვესმის, რომ წელი იქნება საკმაოდ რთული, თუმცა ჩვენ გვაქვს ყველა შესაძლებლობა იმისთვის, რომ რეგიონში და ფართოდ რეგიონში, სხვებთან შედარებით, უკეთესად გავიაროთ და შევინარჩუნოთ სწრაფი ეკონომიკური აღდგენის პოტენციალი“, – აღნიშნა პრემიერმა.