გიორგი გახარია - ფრანგ კოლეგებს კარგად ესმით, რას ნიშნავს ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის უვიზო მიმოსვლა
გიორგი გახარია - ფრანგ კოლეგებს კარგად ესმით, რას ნიშნავს ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის უვიზო მიმოსვლა

უვიზო მიმოსვლა მართლა არის საქართველოს ბოლო ათწლეულის განმავლობაში ყველაზე დიდი მიღწევა, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრ კრისტოფ კასტანერთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენს ფრანგ კოლეგებს, რომლებსაც ძალიან კარგად ესმით, რას ნიშნავს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის უვიზო მიმოსვლის მიღწევის შენარჩუნება. არც ერთ შემთხვევაში, ეს მიღწევა არ დგას კითხვის ნიშნის ქვეშ, თუმცა მოითხოვს ჩვენი მხრიდან გარკვეული ნაბიჯების გადადგმას. სწორედ ასეთი ნაბიჯები გადავდგით დამოუკიდებლად. მაგალითად, ქუთაისიდან პარიზის მიმართულებით რეისზე, რომელსაც ახორციელებს „ვიზეარი“. კერძოდ, საემიგრაციო სამსახურის წარმომადგენლები, როგორც საფრანგეთიდან იქნებიან საქართველოში, ასევე საქართველოს საემიგრაციო სამსახურის წარმომადგენლები იქნებიან წარმოდგენილი პარიზში, საფრანგეთში, მათ შორის, ლიონში სხვა ქალაქებში, სადაც კი იქნება პირდაპირი ფრენები, რათა წინასწარ მოვახერხოთ იმ რისკების შეფასება, რომელიც შეიძლება არსებობდეს შემდგომ თავშესაფრის მოთხოვნის კონტექსტში“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, ძირითადი ნაწილი არის პრევენციაზე მუშაობა და ტერორისტული გამოწვევები, რომელსაც ასევე, პრევენციულად ბრძოლა სჭირდება, რადგან ორგანიზებულ, ტრანსსასაზღვრო დანაშაულთან თანამშრომლობის გარეშე ბრძოლა გაუჭირდება ცალკე აღებულ ქვეყნებს, ისეთ ძლიერ ქვეყანასაც, როგორიც არის საფრანგეთი.

„ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ეს ხელშეკრულება იქნება კიდევ ერთი პრაქტიკული, წინგადადგმული ნაბიჯი, რათა ვიყოთ უფრო ეფექტურები ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაში, უფრო მეტად დავაზღვიოთ ერთმანეთი ჩვენც, თავშესაფრის მაძიებლების კონტექსტში და ნაკლები პრობლემები შევუქმნათ ქართულ-ფრანგულ საემიგრაციო სამსახურებს“, – განაცხადა გახარიამ.

დატოვე კომენტარი