გიორგი გახარია - უნდა ჩავატაროთ ისეთი არჩევნები, როდესაც არ მივცემთ არავის იმის შესაძლებლობას, რაც დღეს ხდება - ადამიანის სიცოცხლის საკითხის ქვეყნის წინააღმდეგ, პოლიტიკური სპეკულირებისთვის გამოიყენება
გიორგი გახარია - უნდა ჩავატაროთ ისეთი არჩევნები, როდესაც არ მივცემთ არავის იმის შესაძლებლობას, რაც დღეს ხდება - ადამიანის სიცოცხლის საკითხის ქვეყნის წინააღმდეგ, პოლიტიკური სპეკულირებისთვის გამოიყენება

ურთულესი ექვსი თვე გველოდება, ჯანდაცვის, ეკონომიკის მიმართულებით და არ დაგვავიწყდეს, უნდა ჩავატაროთ სანიმუშო არჩევნები, – განაცხადა პარლამენტში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ.

„ყველამ უნდა ვიცოდეთ და გვესმოდეს ჩვენი პრობლემები, ჩვენი ყველაზე დიდი გამოწვევები უახლოესი ექვსი თვის განმავლობაში, ეს ურთულესი ექვსი თვე იქნება, როგორც ჯანდაცვის მიმართულებით და ეპიდემიოლოგიის მიმართულებით, პანდემიასთან ბრძოლის თვალსაზრისით, ასევე, ეკონომიკური პრობლემების გადალახვის, ეკონომიკის აღორძინების თვალსაზრისით და არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ის ექვსი თვეა, როდესაც ჩვენ უნდა ჩავატაროთ ქვეყანაში სანიმუშო არჩევნები“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში წარდგენილი ანგარიშის დასკვნითი სიტყვისას.

პრემიერის თქმით, უაღრესად რთულ პერიოდში უნდა ვიყოთ უკიდურესად ფრთხილად.

„უნდა ჩავატაროთ ქვეყანაში ისეთი არჩევნები, როდესაც არ მივცემთ შესაძლებლობას არავის, რაც დღეს ხდება – ქვეყნის წინააღმდეგ გამოიყენება ადამიანის ჯანმრთელობის საკითხი, სიცოცხლის საკითხი, გამოიყენება პოლიტიკური სპეკულირებისთვის; როდესაც პოლიტიკური სპეკულირებისთვის და პოლიტიკური ქულების დასაწერად ადამიანები არ ერიდებიან სტრატეგიულ პარტნიორთან მეგობრული, ნორმალური, ღრმა ურთიერთობები, უბრალოდ, პროვოკაციების საშუალებით, რისკის ქვეშ დააყენონ.

უნდა გვესმოდეს, რომ უნდა ვიყოთ უკიდურესად ფრთხილად. კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა, აღვნიშნო, უაღრესად რთული და გამოწვევებით სავსე ექვსი თვე გველოდება, მაგრამ ჩვენ აქაც გავიმარჯვებთ, რადგან აქაც გვაქვს ჩვენი მოქალაქის გონიერების, სამართლიანობის და თანადგომის იმედი.

ყველას კარგად უნდა გვესმოდეს და ჩვენ არ ვამბობთ შემთხვევით, რომ ეს კრიზისი ჩვენ შეგვიძლია, ყველას ერთად, ჩვენს მოქალაქეებთან ერთად, ამ ქვეყნისთვის შესაძლებლობების განხორციელების კრიზისად ვაქციოთ. რადგან ეს კრიზისია, როდესაც ჩვენ შეგვიძლია, ვანახოთ ქვეყანას, როგორ შეუძლია პატარა ქვეყანას, მართოს ეს გამოწვევები ეფექტიანად. ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ, ვაქციოთ კრიზისი შესაძლებლობად, აქ არ არის საუბარი მხოლოდ და მხოლოდ ჯანდაცვაზე, მხოლოდ ეკონომიკაზე. აქ არის საუბარი, მათ შორის, ჩვენს სოციალურ ცხოვრებაზე, პოლიტიკაზე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი გახარიას თქმით, სწორედ კრიზისების ეფექტიანი გადალახვით ხდება ქვეყანა სახელმწიფო.

„ეს კრიზისი შესაძლებლობაა ოპოზიციისთვისაც. სამწუხაროდ, თუმცა ამას დრო ანახებს. როგორ იქნება გამოყენებული, ეს ჯერ არავინ არ იცის. ერთი რამ მინდა გითხრათ, ასეთი კრიზისებით, ასეთი კრიზისების ეფექტიანი გადალახვით ქვეყანა ხდება სახელმწიფო, ქვეყანა ხდება ეფექტური, წარმატებული სახელმწიფო, ჩვენ ეს შესაძლებლობა გვაქვს და იმედია, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ, ყველანი ერთად, ჩვენს მოქალაქესთან ერთად, ამ შესაძლებლობას გამოვიყენებთ და თითოეულ ჩვენს მოქალაქეს მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ მიიღოს მონაწილეობა ჩვენი ქვეყნის ეფექტურ, წარმატებულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებაში“, – განაცხადა პრემიერმა გიორგი გახარიამ.