გიორგი გახარია - უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების მიერ მსგავსი ქმედებების შემთხვევაში, სახელმწიფო და პოლიცია იმოქმედებენ კანონის ფარგლებში და გააკეთებენ იგივეს
გიორგი გახარია - უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების მიერ მსგავსი ქმედებების შემთხვევაში, სახელმწიფო და პოლიცია იმოქმედებენ კანონის ფარგლებში და გააკეთებენ იგივეს

საქართველოში გამოხატვის თავისუფლება კანონის ფარგლებში სრულად არის დაცული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა ჟურნალისტების კითხვაზე, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა გუშინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

გიორგი გახარიას თქმით, რაც ადრე ხდებოდა მისი, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობა იყო, დღეს კი, მისი პასუხისმგებლობაა, როგორც პრემიერის.

პრემიერის შეფასებით, პოლიციამ და სახელმწიფომ იმოქმედეს კანონის ფარგლებში.

„საბედნიეროდ ან სამწუხაროდ, ეს შეკითხვა, ვინ გასცა ბრძანება, მეორდება. რა შემიძლია, ამაზე ვთქვა. ადრე, რაც ხდებოდა, იყო ჩემი პასუხისმგებლობა, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის, დღეს ჩემი პასუხისმგებლობაა, როგორც პრემიერ-მინისტრის. ამაში საერთოდ არაფერია სხვაობა. მოდით, შევთანხმდეთ ასეთ რამეზე,  პირველი – ამ ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება კანონის ფარგლებში არის სრულად დაცული. თქვენ გახსოვთ, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში ეს გამოხატვის თავისუფლება გრძელდებოდა ყველანაირი პრობლემების გარეშე. მას შემდეგ, რაც რამდენიმე უპასუხისმგებლო პოლიტიკოსმა მოუწოდა მოქალაქეებს ბლოკირებისკენ, ჯერ ბარიკადები იყო აღმართული ქუჩებში, შემდგომ იყო ბლოკირებული პარლამენტის შენობა, ღამის განმავლობაში პარლამენტის ფუნქციონირება პირდაპირ დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ, მთავარი სახელმწიფო ინსტიტუტი, პარლამენტი ნახევარი დღის განმავლობაში ვერ ფუნქციონირებდა, ფაქტიურად, თავს დაესხნენ დეპუტატებს, ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატებს. რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევაში, პოლიციამ და მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის სრული უფლებაც ჰქონდა, უკანონო აქციის, სახელმწიფო ინსტიტუტის ბლოკირების უკანონო ქმედებების შეწყვეტის შესახებ“, – განაცხადა პრემიერმა.

მისი თქმით, მსგავსი ქმედებების შემთხვევაში, შემდგომშიც პოლიცია და სახელმწიფო იმოქმედეს კანონის ფარგლებში.

„რაც გააკეთა, აბსოლუტურად კანონის ფარგლებში იყო. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, შემდგომშიც, უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების მიერ მსგავსი ქმედებების შემდგომ, სახელმწიფო და პოლიცია იმოქმედებენ სრულად კანონის ფარგლებში და გააკეთებენ იგივეს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.