გიორგი გახარია – უნდა ველოდოთ სამართლებრივ პასუხისმგებლობას იქ, სადაც იქნება შემადგენლობა კონკრეტული ადამიანების, რომლებიც უკვე იდენტიფიცირებული ჰყავს შსს-ს
უნდა ველოდოთ სამართლებრივ პასუხისმგებლობას იქ, სადაც იქნება შემადგენლობა კონკრეტული ადამიანების, რომლებიც უკვე იდენტიფიცირებული ჰყავს შსს-ს, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, უნდა ველოდოთ პოლიტიკური პროცესის კონსტიტუციურ ფარგლებში დაბრუნებას.
„უნდა ველოდოთ სამართლებრივ პასუხისმგებლობას იქ, სადაც იქნება შემადგენლობა, მოქმედებები, რომელიც გადადის კონკრეტულ ქმედებაში. თუ ასეთი დაფიქსირდება, ამ კონკრეტული შემთხვევის ქმედება იქნება. უნდა ველოდოთ კონკრეტულ ეპიზოდებს, კონკრეტული ადამიანების, რომლებიც უკვე იდენტიფიცირებული ჰყავს შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომლებიც მოწოდებას კი არა, უკვე კონკრეტულ ქმედებას ახორციელებდნენ და ფიზიკური იერიში მიჰქონდათ. ისევე, როგორც პოლიტიკური პასუხისმგებლობის ნაწილი აქეთ მხარეს ჩემი ამოცანა არ არის, ამომრჩევლის ამოცანაა, რომელიც ამას პასუხს გასცემს.
მე ერთხელ ვთქვი და კიდევ გავიმეორებ, რაც უფრო მაღალი იქნება რადიკალიზაციის ხარისხი, მით უფრო მწვავე, მძაფრი და მწარე იქნება ამომრჩევლის პასუხი, რაც ჩვენ რეგიონულ არჩევნებში უკვე ვნახეთ. ახლა მეორე მხარე, ჩვენ მხარეს, სამართალდამცველი სისტემის მხარეს სამართლებრივი პასუხისმგებლობა ასევე არსებობს, რომელსაც იძიებს პროკურატურა. რომელ გამოძიებაშიც ჩვენ ვთქვით, პროკურატურამ თქვა და ჩართულია სახალხო დამცველი. ღიაა ამ გამოძიების კარი და ეს იქნება აბსოლუტურად ტრანსპარენტული. ჩვენი პოლიტიკური პასუხისმგებლობაა სახელმწიფო ინსტიტუტების დაცვა, რომელსაც ვახორციელებთ. თუ ამ დაცვის დროს სისტემურად დავარღვიეთ კანონი, ამაზეც პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა ვაგოთ და არავინ ამ პასუხისმგებლობას არ გაურბის“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.