პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ პარტიის ახალი ოფისები სამეგრელოში – წალენჯიხასა და ჯვარში გახსნა და მოსახლეობას შეხვდა.
„ეს არის ჩვენი სახლი, სადაც თითოეულ თქვენგანს შეეძლება, მოვიდეს, რათა მოიტანოს თავისი პრობლემები, წინადადებები, განსაკუთრებით ახალგაზრდებს მინდა ვუთხრა, რომ ყოველთვის ღია იქნება აქაურობა თქვენთვის“, – მიმართა გახარიამ მხარდამჭერებს ოფისის გახსნისას წალენჯიხაში.
გახარიას თქმით, დღეს ყველაზე მეტად ძლიერი სახელმწიფო გვჭირდება.
„რასაც დღეს ჩვენ ვაკეთებთ, ვაკეთებთ საქართველოს სახელმწიფოს მომავლისთვის. ყველა ვხედავთ, რომ დღეს ყველაზე მეტად რაც გვჭირდება, ეს ძლიერი სახელმწიფოა. ამის გარეშე ვერ დავიცავთ ვერაფერს, ვერც ჩვენს გლეხს, ვერც ჩვენს შრომას, ვერც ჩვენ კულტურას, ვერც ჩვენ რელიგიას და ვერც ჩვენ ტრადიციებს. ყველაზე უფრო ჩემთვის რაც არის მიუღებელი, ეს არის სუსტი სახელმწიფო. ვიდრე არ იქნება ძლიერი სახელმწიფო, კანონი არ იკანონებს ყველასთვის, სამუშაო ადგილები, სიღარიბე, ტურიზმი, არაფერი ეს არ იქნება“, – ამბობს პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი.
გახარიას თქმით, არსებული ქაოსი უნდა დასრულდეს.
„ოღონდ, ეს უნდა გავაკეთოთ არა ომით, ლანძღვით, კინკლაობით და ცირკის მოწყობით, არამედ შრომით. თითოეულ საქართველოს მოქალაქეს ვაჩვენოთ მაგალითი, როგორ შენდება ძლიერი სახელმწიფო. მთავარია ღირსება არ დაგვავიწყდეს, ვიყოთ კეთილსინდისიერი და ვიყოთ კარგი პროფესიონალები. ჩვენ გვამოძრავებს მიზანი, თითოეულ თქვენგანთან ერთად ავაშენოთ ძლიერი სახელმწიფო ჩვენი მომავლისთვის, ჩვენი შვილებისთვის“, – ამბობს გახარია.
გიორგი გახარიამ საქართველოს რეგიონებში არსებულ სიღარიბესა და გაჭირვებაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ ეს ყველაფერი დაძლევადია, თუმცა შრომით და ეტაპობრივად, ცრუ დაპირებებს კი, ის არ გასცემს.
„ამ ქვეყანაში ყველა დაპირება უკვე გაცემულია – ზოგი გაცემულია უკვე მეორედ, მესამედ და მე არ მინდა ასე გაგრძელდეს. იმდენი რამეა გასაკეთებელი, რაც ყველამ ზეპირად იცის, თქვენც იცით და მეც ვიცი. ჩვენთვის ახლა მთავარია, ავიღოთ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი, შევხედოთ როგორ შეიძლება ეს ბიუჯეტი გაიზარდოს, შემდგომ შევქმნათ ქმედითი მექანიზმი როგორ ვაკონტროლოთ თითოეული ლარის ხარჯვა – ერთი და იგივე გზები რომ ათჯერ არ დაგვიგონ, ერთი და იგივე წყალი ათჯერ არ გაიყვანონ და ა.შ. ეს არის ყველაზე მთავარი. დარწმუნებული ვარ, რომ ღირსებით, კეთილსინდისიერებით და პროფესიონალიზმით ჩვენ ძალიან სწრაფად შევცვლით ბევრ რაღაცას. ტყუილი დაპირებები არის ყველაზე მიუღებელი. მე რომ გითხრათ, ერთ თვეში და ორ თვეში აქ ყველაფერი გამოსწორდება, ასე არ იქნება. მაგრამ ჩვენი მიზანია, რომ ჩვენი დღევანდელი ცხოვრება იყოს უკეთესი ვიდრე გუშინ და გვქონდეს იმის იმედი, რომ ხვალინდელი ჩვენი ცხოვრება და ყოფა იქნება უკეთესი ვიდრე დღეს. ამას უნდა ვხედავდეთ და ვგრძნობდეთ, მაგრამ ამას უნდა ხედავდეს და გრძნობდეს 5% კი არა, თითოეული მოქალაქე. სამართლიანობა ამიტომ ხდება ასეთი მნიშვნელოვანი“, – განაცხადა პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა.
გიორგი გახარიამ პრემიერის თანამდებობიდან გადადგომის მიზეზებზეც ისაუბრა.
„თქვენ შეიძლება იკითხოთ – იქ არ იყავიო? გაგეკეთებინაო. მართალი და სწორი კითხვაა და ამ კითხვაზე მინდა გითხრათ, რომ სანამ კეთება შესაძლებელი იყო და სანამ არსებობდნენ გვერდით ადამიანები, რომლებთან ერთადაც საქმის კეთება შესაძლებელი იყო, მე იქ ვიყავი.
ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, პარტიას რა ერქმევა. ჩემთვის მნიშვნელობა აქვს, ამ პარტიას რა ფასეულობები აქვს და რას ემსახურება. სამწუხაროდ, დღევანდელი ხელისუფლება ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნებას“, – განაცხადა გახარიამ.
პარტიის ლიდერმა წალენჯიხელ მხარდამჭერებთან შეხვედრისას ხაზი გაუსვა, რომ საარჩევნო სიის შედგენასა და კანდიდატების შერჩევაში მთავარი ადგილობრივების არჩევანი იქნება.
„ერთი ადამიანი არ იქნება, ვისზეც მე გეტყვით, რომ აი ეს აირჩიეთ ან ეს დააწინაურეთ. მე ამას არ გავაკეთებ, იმიტომ, რომ ეს ჩვენი ყველას პასუხისმგებლობაა უნდა იყოს. ნებისმიერი ადამიანი – მერობის კანდიდატი იქნება, მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება, სიის წარმომადგენელი იქნება მუნიციპალიტეტში – ჩვენი ყველას ერთად ასარჩევია. ვინც უფრო ძლიერია, ვინც უფრო კეთილსინდისიერი და პროფესიონალია – ის უნდა იყოს და სხვა არავინ.
დღეს უნდა გავიმარჯვოთ მუნიციპალურ არჩევნებში, დავიწყოთ შრომა და შემდგომ გავიმარჯვოთ საპარლამენტო არჩევნებში. ყველაზე მნიშვნელოვანია, როგორ უნდა ვიცხოვროთ, ვიმუშაოთ და როგორც უნდა დავიწყოთ ნელ-ნელა ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობა. ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ერთად, ოღონდ ისე, რომ არ უნდა დავემსგავსოთ ვინმეს – ჩვენ ჩვენი ღირსება უნდა შევინარჩუნოთ. რაც არ უნდა იყოს და რაც არ უნდა მოხდეს, ჩვენი პასუხი ყველაფერზე უნდა იყოს ღირსეული, ისეთი, როგორც შეგვეფერება ჩვენ. სხვანაირად გამარჯვებასაც ის ფასი არ ექნება“, – ამბობს გახარია.
გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა, რომ ძლიერი ქვეყნის მშენებლობა რეგიონებიდან იწყება.
„ძლიერი სახელმწიფო ყველას რომ გვესმოდეს შენდება რეგიონიდან. აქედან იწყება ძლიერი საქართველო. ჩათვალეთ, რომ მოგიწოდებთ თითოეულ თქვენგანს ერთად დავიწყოთ ძლიერი საქართველოს მშენებლობა“, – მიმართა გახარიამ მხარდამჭერებს.