გიორგი გახარია უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია უკრაინის პრეზიდენტს, ვლადიმირ ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.
ზელენსკის ადმინისტრაციის ცნობით, სატელეფონო საუბრის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მწუხარება გამოთქვა თეირანში თვითმფრინავის ჩამოვარდნის დროს უკრაინის მოქალაქეების გარდაცვალების გამო და ტრაგედიის მსხვერპლთა ოჯახებს მიუსამძიმრა.
გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ საქართველო მზად არის, უკრაინას ყველანაირი საჭირო დახმარება აღმოუჩინოს.
უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, თავის მხრივ, ვლადიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ამჟამად მთავარია სრული და ობიექტური გამოძიების ჩატარება ტრაგედიის მიზეზების დასადგენად. მისი თქმით, უკრაინელი ექსპერტები ამ პროცესში უკვე ჩართული არიან.
„ჩვენ ვგრძნობთ თქვენს მხარდაჭერას, უკრაინა და საქართველო ყოველთვის გვერდიგვერდ იყვნენ ისტორიის რთულ პერიოდებში. ჩვენი ექსპერტები მუშაობენ, უკვე გავგზავნეთ თვითმფრინავი ჩვენი საუკეთესო სპეციალისტებით თეირანში და ვმუშაობთ გამოძიების გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
„უკრაინის ავიახაზების“ კუთვნილი ავიალაინერი თეირანის აეროპორტის სიახლოვეს, აფრენიდან ორ წუთში ჩამოვარდა. ბორტზე 167 მგზავრი და ეკიპაჟის ცხრა წევრი იმყოფებოდა, ყველა მათგანი დაიღუპა.