გიორგი გახარია - ტყუილების კორიანტელი, რომლისთვისაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გამოიყენა მაკო გომური, არის განსახიერება, როგორ აცხოვრებდნენ სიცრუეში ჩვენს საზოგადოებას
ტყუილების კორიანტელი, რომლისთვისაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გამოიყენა მაკო გომური, არის განსახიერება, როგორ აცხოვრებდნენ წლების განმავლობაში ისინი სიცრუეში ჩვენს საზოგადოებას, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის წევრებთან საპარლამენტო გამოსვლის დასრულების შემდეგ, მედიასთან განაცხადა.
„მინდა, რამდენიმე სიტყვით მივმართო ჩვენს მოქალაქეებს, პირველ რიგში ამომრჩევლებს. ის სპექტაკლი, რაც მათ მოაწყვეს, არის კიდევ ერთი დადასტურება იმ ფუნდამენტური პრობლემის, რაზეც ნაციონალური მოძრაობა დგას და ეს არის სიცრუე, ჩვეულებრივი ტყუილი.
ჩვენ ყველას კარგად გვესმოდა და ველოდით, რომ მსგავსი სპექტაკლი იქნებოდა დღეს აქ, თუმცა ჩვენ პატივს ვცემთ მათ ამომრჩევლებსაც და პატივს ვცემთ ინსტიტუტებს. ჩვენ ამიტომ მოვედით აქ და ჩვენი ამოცანაა საუბარი პირველ რიგში მათ ამომრჩევლებთან. ის ტყუილების კორიანტელი, რომლისთვისაც მათ გამოიყენეს მაკო გომური, რომლითაც მათ უბრალოდ მოიტყუეს, რომ დღეს ის არის აქ, არის განსახიერება, როგორ აცხოვრებდნენ წლების განმავლობაში ისინი სიცრუეში ჩვენს საზოგადოებას“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
მისივე თქმით, როდესაც მოდელირებული რეალობით ცდილობს „ნაციონალური მოძრაობა“ რადიკალიზაციის გაზრდას და რაღაც რევოლუციური განწყობების მოლოდინების შექმნას, უბრალოდ შეუძლებელია.
„სიმართლე მდგომარეობს იმაში, რომ 20 ივნისს, როდესაც ადამიანები გამოთქვამდნენ მშვიდობიან პროტესტს, ზოგიერთმა უპასუხისმგებლო პოლიტიკოსმა მათ მოუწოდა და ისინი ორგანიზებულად შტურმით წაიყვანა სახელმწიფო ინსტიტუტზე. უბედურება და სიმართლე მდგომარეობს იმაში, რომ ამის შედეგად ჩვენ გვყავს დაზარალებული, როგორც ჩვენი მოქალაქეები, ისე პოლიციელები და ვერც ერთი პოლიტიკოსი ვერ იქნება დათრგუნული შედეგებით ისე, როგორც მე ვარ ამ ღამის შემდეგ.
რა თქმა უნდა, სიმართლე არის იმაში, რომ ჩვენ გვყავს ორი ადამიანი, რომლებმაც დაკარგეს თვალი. ეს ყველაფერი სიმართლეა, მაგრამ ამასთან ერთად, სიმართლე არის ის, რომ ჩვენმა უპასუხისმგებლო ოპოზიციამ თვალიდან ხელი უნდა მოიშოროს და დაინახოს – სიმართლეს თვალი უნდა გაუსწოროს. ჩვენ ჩვენს საზოგადოებას უნდა ვესაუბროთ სიმართლის და პასუხისმგებლიანი ენის საშუალებით და არა იმ სპექტაკლებით, რომლებსაც ვაწყობთ პარლამენტში და ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ინსტიტუტებს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, გიორგი გახარიას თქმით, პარლამენტში დასმულ ყველა კითხვას უპასუხებს, რადგან ახლა მისი მთავარი ამოცანაა, რომ ხალხმა დაინახოს რეალობა.
„ჩვენი პასუხისმგებლობა მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენი ენა საზოგადოებასთან ურთიერთობაში იყო სიმართლის ენა. ჩვენ სიმართლის არ გვეშინია. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ხალხს დავანახოთ რა არის ჩვენი დღევანდელი რეალობა, რა გამოწვევები გვაქვს ხვალ და რა მიზნებისთვის უნდა ვიბრძოლოთ. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ჩვენ ამას გავაკეთებთ ბოლომდე, ამის არ შეგვეშინდება. ყველა სხდომა რომელიც ამ დარბაზში ჩატარდება, ჩვენ წყნარად, მშვიდად მოვალთ და ყოველთვის გავცემთ პასუხებს კითხვებს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ფრაქციის სხდომაზე, სადაც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ გიორგი გახარიასა და მინისტრობის კანდიდატებს უსმენდნენ, 20 ივნისს დაშვებული მაკო გომურისა და მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრების დასწრება მოითხოვეს. მათი თქმით, საშვი დაშვებული იყო, თუმცა პარლამენტში შესვლის საშუალებას მათ არ აძლევდნენ. ამის შემდეგ, სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გავრცელდა მაკო გომურის სტატუსი, სადაც ის წერდა, რომ თბილისში არ იმყოფება და მხოლოდ ხუთი წუთის წინ გაიგო, რომ მასზე პარლამენტში საშვი ყოფილა დაშვებული. თუმცა, სტატუსი მის გვერდზე უკვე აღარ იძებნება.