გიორგი გახარია - თუ აღმოჩნდება, რომ იყო სისტემური დარღვევები, ეს ჩემი პასუხისმგებლობაა და ამ პასუხისმგებლობას ვიღებ
გიორგი გახარია - თუ აღმოჩნდება, რომ იყო სისტემური დარღვევები, ეს ჩემი პასუხისმგებლობაა და ამ პასუხისმგებლობას ვიღებ

ამ ღონისძიებაზე ჩემს გარდა პასუხს არავინ აგებს, თუმცა პოლიტიკური პასუხისმგებლობის ნაწილიც გასათვალისწინებელია, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ 20 ივნისს რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა.

„არავინ ჩემს გარდა ამ ღონისძიებაზე პასუხს არ აგებს. მე ვაგებ, თუმცა, რა თქმა უნდა, პოლიტიკური პასუხისმგებლობის ნაწილიც არის გასათვალისწინებელი. მე შემიძლია, ქრონოლოგიურად მოგიყვეთ რა მოხდა, რომელ წუთს, რა სახით. ამის შემდეგ შეგვიძლია, უკვე პირველი დონის შეფასებები გავაკეთოთ. თუმცა ეს შეფასებებიც არ იქნება სრულყოფილი, სანამ ჩვენ არ დაველოდებით სამართლებრივი პროცედურების დასრულებას“, – აღნიშნა გახარიამ.

მისი თქმით, ის იქნება თანამდებობაზე, სანამ არ დაინახავს, რომ 20 ივნისის ღონისძიებაში მონაწილე თითოეული პოლიციელი არ იქნება უსამართლო ზემოქმედების მსხვერპლი.

„მე ვამბობ, რომ ჩემი პოლიტიკური პასუხისმგებლობა არის ის, რომ ამ უწყებამ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ და პოლიციამ ღირსეულად გაუძლოს გამოცდას, რომელიც ჩვენ მოგვიწია შეგვესრულებინა იმ  ღამეს. შედეგები, რაც ჩვენ მივიღეთ იმ პრობლემებით, რომელიც არის, ჩვენ ამ პრობლემებს თვალი უნდა გავუსწოროთ და შესაბამისად ვუპასუხოთ. რა თქმა უნდა, მე ვიქნები აქ სანამ ლეგიტიმური სამართლებრივი პროცედურების დასრულებამდე არ დავინახავ, რომ თითოეული პოლიციელი, რომელიც ამ ღონისძიებაში იყო ჩართული არ იქნება უსამართლო ზემოქმედების მსხვერპლი“, – განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, ის არ დაუშვებს პოლიციის დელეგიტიმაციას, რაც სამართლებრივი სახელმწიფოს და ინსტიტუტების რღვევას ნიშნავს.

„არის ორი განზომილება პოლიტიკური და სამართლებრივი. კიდევ ერთხელ ვამბობ, სამართლებრივ ნაწილში, რაც ამ ღონისძიებაზე მოხდა, თუ იქ აღმოჩნდება, რომ იყო სისტემური  დარღვევები, რა თქმა უნდა, ეს ჩემი პასუხისმგებლობაა და ამ პასუხისმგებლობას ვიღებ. თუმცა, არის პოლიტიკური კომპონენტი და, როდესაც ვიღაც ცდილობს, მოახდინოს პოლიციის დელეგიტიმაცია, რაც სამართლებრივი სახელმწიფოს და ინსტიტუტების რღვევას ნიშნავს, რა თქმა უნდა, მე ამას არ დავუშვებ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.