გიორგი გახარია - თითოეული პატრულ-ოფიცერი აღჭურვილია სამხრე კამერებით, რამაც პატრულ-ოფიცერსა და მოქალაქეს შორის კონფლიქტების რაოდენობა რადიკალურად შეამცირა
გიორგი გახარია - თითოეული პატრულ-ოფიცერი აღჭურვილია სამხრე კამერებით, რამაც პატრულ-ოფიცერსა და მოქალაქეს შორის კონფლიქტების რაოდენობა რადიკალურად შეამცირა

თითოეული პატრულ-ოფიცერი აღჭურვილია სამხრე კამერებით, რამაც პატრულ-ოფიცერსა და მოქალაქეს შორის კონფლიქტების რაოდენობა რადიკალურად შეამცირა – ამის შესახებ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

„უკვე შექმნილია ერთიანი მომსახურების ცენტრი და ბევრმა თქვენგანმა, დარწმუნებული ვარ, ისარგებლა უკვე ამ მომსახურების სივრცით. ნაცვლად „მე-12 ოთახისა“, დღეს თანამედროვე სივრცეში ვიღებთ აბსოლუტურად ,,დიჯიტალიზებულ’’ სერვისებს. გარდა ამისა, მოგეხსენებათ, რომ თითოეული პატრულ-ოფიცერი, აღჭურვილია სამხრე კამერებით, რამაც დარწმუნებული ვარ, რომ რადიკალურად შეამცირა კონფლიქტების რაოდენობა პატრულ-ოფიცერსა და მოქალაქეს შორის კონტაქტის დროს. სიახლეა  ტურისტული პატრულიც, რომელიც გამოჩნდა ქუჩებში. თუ ვინმეს ჰქონია ბოლო პერიოდში შეხება ქუჩაში მყოფ ბავშვებთან თბილისში, ეს ყველაფერი სწორედ ამ ახალგაზრდების, ამ ახალი ქვედანაყოფების მიერ იქნა  აღკვეთილი და დღეს ჩვენი მოქალაქეები და ქალაქის სტუმრები თავისუფლად სეირნობენ ძველი თბილისის ქუჩებში“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, საპატრულო პოლიციის ნაწილში, ხდება ადმინისტრაციული პროცედურების გამარტივება და მათი ,,დიჯიტალიზება“.

„ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, ყველაზე დიდი მიღწევა პატრულის ნაწილში, რაც ჩვენ გავაკეთეთ, ეს არის  სამუშაო პროცედურების აღწერილობა, რაც აქამდე პატრულს არ გააჩნდა. თითოეული ოფიცერს, რიგითს, რომელიც იწყებს პატრულში მუშაობას,  ექნება მკაფიოდ აღწერილი მისი უფლება-მოვალეობები და ფუნქციები. ამასთან ერთად, რაც აქამდე არ არსებობდა, პატრულში განხორციელდა სტანდარტული პროცედურების დეტალური აღწერა. ისეთი, როგორიც არის მაგალითად, დაკავება, ზედაპირული დათვალიერება, ძალის გამოყენება და ასე შემდეგ. ჩვენ ადამიანებს ვიღებდით სამსახურში, აღჭურვავდით მათ საბრძოლო იარაღით და მათ არ ჰქონდათ მკაფიოდ გაწერილი ის ფუნქციები, მოვალეობები და პროცედურები, რომლებიც უნდა აღესრულებინათ თითოეულ ჩვენ მოქალაქესთან ურთიერთობაში“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

გიორგი გახარიას თქმით, ერთიანი მომსახურების ცენტრების რაოდენობა ქვეყნის მასშტაბით გაიზრდება და გაკეთდება ზუგდიდში, ქუთაისში, რუსთავშსა და სხვა ქალაქებში.

„გაიზრდება საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებიც. ჩვენ ჩვენი დღევანდელი რესურსით, შეგვიძლია წლის ბოლომდე საპატრულო ეკიპაჟების რაოდენობა, მაგალითად,  ქალაქში გავზარდოთ 30-მდე. თუმცა, ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ, 2010 წლის შემდეგ არ გაზრდილა საპატრულო პოლიციის თანამშრომელთა რაოდენობა, ვგულისხმობ ოპერატიულ თანამშრომლებს. ამ პერიოდის განმავლობაში, უნდა ვიცოდეთ, რომ 700 ათასიდან მილიონ 200 000-მდე გაიზარდა რეგისტრირებული ტრანსპორტის რაოდენობა.

ტურისტების რაოდენობა საქართველოში გაიზარდა დაახლოებით მილიონიდან ცხრა მილიონამდე და კიდევ ბევრი რამ, თქვენს მიერ მიღებული კანონმდებლობის შედეგად პატრულ-ოფიცრებს დაეკისრათ უფლებამოსილებები, ვალდებულებები, რომლის აღსრულების პირობებშიც მათი რაოდენობა არ გაზრდილა. დღეს საპატრულო პოლიციაში ძალზედ მწვავედ დგას ადამიანური რესურსების საკმარისობის საკითხი და ჩვენ უახლოეს პერიოდში დასაბუთებულად მოგმართავთ თქვენ იმ თხოვნით და, რა თქმა უნდა, მთავრობასაც, რომ აუცილებელია საპატრულო პოლიციის შემადგენლობის ზრდაზე დაფიქრება.

ასევე, მინდა გითხრათ, რომ საპატრულო პოლიციის ნაწილში, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ნაწილში, საკმაოდ სერიოზული გეგმები გვაქვს, აქ ნაწილობრივ შევეხები კამერების ინფრასტრუქტურის რაოდენობას, რომელიც კარდინალურად შეიცვალა ქალაქში. მინდა იცოდეთ, რომ ქვეყნის მასშტაბით 2017 წლის ბოლოს საქართველოში მუშაობდა 170 ვიდეო-სამეთვალყურეო კამერა. დღეის მდგომარეობით მათი რაოდენობა არის  2 600, წლის ბოლომდე, ქვეყნის მასშტაბით იფუნქციონირებს სხვადასხვა დანიშნულების, ნომრის ამომცნობი, ზოგადი ხედვის, სახის ამომცნობი და კიდევ მრავალი სხვა სახის 5000 კამერა, რაც, რა თქმა უნდა, ხელს უწყობს როგორც კრიმინალური პოლიციის საგამოძიებო ნაწილის მუშაობას, ასევე, საგზაო უსაფრთხოების ნაწილში არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.